ეკონომიკა

სპორტის უნივერსიტეტის შენობა და მიწა მის ირგვლივ ნოშრევან ნამორაძის კომპანიამ იყიდა

12 დეკემბერი, 2022 • 3879
სპორტის უნივერსიტეტის შენობა და მიწა მის ირგვლივ ნოშრევან ნამორაძის კომპანიამ იყიდა

თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის 49-ში არსებული სპორტის უნივერსიტეტი და მის ირგვლივ არსებული მიწა 11 მილიონ ლარზე მეტად გაიყიდა. აუქციონი 8 დეკემბერს დასრულდა.

18 019  კვ.მ მიწის ნაკვეთზე ვაჭრობა 51 ბიჯით წარიმართა. საწყისი ფასი 10 მლნ ლარი იყო. საბოლოოდ, კი ნაკვეთი 11 020 000 ლარად გაიყიდა.

ტერიტორია იმ პირობით გაიყიდა, რომ კომპანია მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილს  – 7374 კვ.მ.-ს კეთილმოაწყობს, გაარემონტებს სპორტის უნივერსიტეტს, სპორტულ დარბაზებს და სახელმწიფოს გადასცემს.

სპორტის უნივერსიტეტის ზედახედი.

ტერიტორია სექტემბერში დარეგისტრირებულმა კომპანია – შპს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ იყიდა. მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა. ნამორაძემ „ქართულ ოცნებას“ ჯამში 80 ათასი ლარი შესწირა, აქედან 50 ათასი 2022 წლის ივლისში. „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს“ ანგარიშის თანახმად „ოცნების“ შემწირველებს შორის არის ნამორაძის ცოლიც – ნინო სუთიძე. მან 2016-2022 წლებში მმართველ პარტიას ჯამში 190 ათასი ლარი შესწირა.

ნამორაძე 2014 წელს დავით კოდუას ცემის ბრალდებით დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სხით შეფარდებული 6-თვიანი პატიმრობის შემდეგ ის სასამართლოს დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გირაოს ოდენობად 50 ათასი ლარი განისაზღვრა. ნამორაძის ადვოკატის მიხედვით, საბოლოოდ, სასამართლო განაჩენის თანახმად, ნამორაძეს 6-თვიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიესაჯა.

გაყიდული ტერიტორია რუკის თანახმად ორ ნაწილად იყოფა – სამინისტროს სარგებლობაში არსებული ნაკვეთი და საპრივატიზაციო ნაკვეთი.

სპორტის უნივერსიტეტის სიტუაციური გეგმა

კომპანია ვალდებულია, რომ იმ ნაკვეთზე, რომელიც სახელმწიფოს სარგებლობაში დაბრუნდება არანაკლებ 26 128 219  ლარი დახარჯოს პროექტზე, რომელსაც კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შეათანხმმებს. დოკუმენტაციის თანახმად, სხვა პირობებთან ერთად ეს გულისხმობს:

  • სპორტის უნივერსიტეტის სრულ რემონტს;
  • არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა ავტოსადგომს;
  • კალათბურთის, ფრენბურთის, ტანვარჯიშის, ძალოსნობის, ფიტნესის, კრივის თითო დარბაზისა და ჭიდაობის 2  დარბაზის (ჯამში 8 დარბაზის) მოწყობას;
  • არანაკლებ 500 კვ.მ. ფართობის ღია ტიპის ღია ტიპის ხელოვნურსაფარიანი/ბუნებრივსაფარიანი  მინისაფეხბურთო მოედნისა და არანაკლებ 650 კვ.მ. ფართის მქონე ღია ტიპის  ჩოგბურთის მოედნის მოწყობას;

გარდა ამისა, დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 წელიწადში თბილისის ფარგლებში – არანაკლებ 1200 კვ.მ-ზე კომპანიამ უნდა მოაწყოს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს სამბოს დარბაზი. ამ უკანასკნელში უნდა დაიხარჯოს არანაკლებ 3 390 776  ლარი.

უძრავი ქონების ნაწილი ექცევა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – „გამარჯვების პარკის“ ინდივიდუალური დამცავი ზონის ვიზუალური დაცვის არეალში. შესაბამისად, ნებისმიერი სამშენებლო ქმედება, რაც ამ მონაკვეთზე განხორციელდება, ინვესტორმა მუნიციპალიტეტთან უნდა შეათანხმოს.


2022 წლის სექტემბერში კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლმანეტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2025 წლისთვის საქართველოს სპორტის ახალი უნივერსიტეტი ექნება და ის ჭავჭავაძის გამზირზე, იმავე ტერიტორიაზე აშენდება, სადაც ახლა ავარიული შენობა დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი