საზოგადოება

თბილისში სანქციების საკითხებში EU-ს, აშშ-ის და UK-ს წარმომადგენლები ჩამოდიან

26 ივნისი, 2023 • 1287
თბილისში სანქციების საკითხებში EU-ს, აშშ-ის და UK-ს წარმომადგენლები ჩამოდიან

დღეს, 26 ივნისს საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის, აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ჩამოვლენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

ისინი თბილისს ორდღიანი ვიზიტით ეწვევიან.

ოფიციალური ცნობითვე, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.

“ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებლული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა  სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა  გაგრძელდება”, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან  ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან.  დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ო’სალივანის შეხვედრა პრესასთან.

ოფიციალური ინფორმაციით, ვიზტიში ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი