ახალი ამბები

კობახიძე თავდასხმების წახალისებაში ოპოზიციას, ელჩებს და NGO-ებს ადანაშაულებს

28 ივნისი, 2023 • 880
კობახიძე თავდასხმების წახალისებაში ოპოზიციას, ელჩებს და NGO-ებს ადანაშაულებს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ძალადობა მიუღებელია, თუმცა ამ პროცესს ისევ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და ელჩები ახალისებენ. კობახიძის კომენტარი მოჰყვა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებზე გახშირებულ თავდასხმებს ეხებოდა.

კობახიძის სიტყვებით, “ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი”, ხოლო რაც შეეხება მის წახალისებას, “ოცნების” თავმჯდომარე დასძენს, რომ “თვეების და წლების განმავლობაში, ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს და სიუჟეტებს”.

თავისი პოზიციის დასაბუთების მცდელობისას კობახიძე იხსენებს 2021 წლის ინციდენტს, როცა თავზე ნაგავი დააყარეს აჭარის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად შესულ ოპოზიციონერ დეპუტატს. “ოცნების” თავმჯდომარის სიტყვებით, მაშინ ამ ამბავზე პოლიტიკოსთა მხრიდან “წამახალისებელი განცხადებები” გაკეთდა, ტელევიზიებმა კი “წამახალისებელი სიუჟეტები” მოამზადეს.

“ელჩების დუმილიც იყო ამ ძალადობის წახალისება”, — დასძინა მან.

კობახიძე ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებსაც შეეხო და თქვა, რომ პირი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს “იგივე ადამიანებმა”.

“აქაც იყო დუმილი კონკრეტული ელჩების მხრიდან”, — დაამატა მან.

კობახიძის მტკიცებით, ადამიანებს, რომლებიც ზურაბ ჯაფარიძესა თუ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ, ხელისუფლების ოპონენტებმა და სხვებმა “დააჯერეს”, რომ ეს სამოქალაქო აქტივიზმია. მას არ დაუსახელებია იმ ადამიანების ვინაობა, ვინც, როგორც თავად ამტკიცებს, ძალადობას აქტივიზმად წარმოაჩენს.

“როცა ადამიანები გამოდიოდნენ რუსთაველზე და დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, ეს კონკრეტული ელჩის მხრიდან შეფასდა, როგორც გამოხატვის თავისუფლება. არ შეიძლება, დედის გინება და უწმაწურობა შეაფასო, როგორც გამოხატვის თავისუფლება.

არამხოლოდ ძალადობის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევენ სამოქალაქო აქტივიზმს. ეს ბევრმა დაიჯერა. ვინც იძალადა ზურა ჯაფარიძესა და მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს სწორედ ამ ადამიანებმა, ოპოზიციამ, ენჯეოებმა, ელჩებმა, რომ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი.

ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ტყუილი. შეიძლება ეს ელჩმა გითხრას, შეიძლება გითხრას კონკრეტულმა პოლიტიკოსმა ან კონკრეტულმა NGO-მ, მაგრამ ეს არის ტყუილი. ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს უნდა შეიგნოს აბსოლუტურად ყველამ, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს”, — დასძენს ირაკლი კობახიძე.

უკანასკნელ პერიოდში ხელისუფლების ოპონენტებსა და სხვა კრიტიკოსებზე თავდასხმები გახშირდა.

უკანასკნელ 24 საათში ფიზიკურად გაუსწორდნენ “ფორმულას” თანადამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს და ენმ-ის სამეურნეო სამსახურის თანამშრომელს, დავით ოსიყმიშვილს.

მანამდე, სცემეს “გირჩი — მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე. თავდასხმაზე ისაუბრა მეცნიერმა ლევან ბერძენიშვილმაც. ბერძენიშვილზე თავდასხმა კობახიძემ მეცნიერის მიერ საზოგადოებაში „შუღლის გაღვივებას“ დაუკავშირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი