ახალი ამბები

რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ – წითლიძე „ოცნებას“

27 ივნისი, 2023 • 1090
რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ – წითლიძე „ოცნებას“

„რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და შეგნებით“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძროაბის“ წევრმა ანი წითლიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს.

წითლიძე ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრის ბექა ოდიშარიას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ვინც მმართველი გუნდის წევრებს პრორუსს დაუძახებს, „მიიღებს ცხვირ-პირში“.

„მინდა ბექა ოდიშარიას განცხადებას გამოვეხმაურო, რომელმაც გუშინ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ თუ ვინმე ვინმე პრორუსს დაუძახებს, აუცილებლად ცხვირ-პირს დაულეწავს. ცოტა უფრო ადრე, წინა სესიაზე აქ უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იძახდა იგივე სიტყვებს, რომ თუ ვინმე პრორუსს დაუძახებს, მათ აუცილებლად დედას აგინებს. დღეს დარბაზში არ არიან, იმედია, მოუსმენენ. მინდა მათ ვუთხრა, ბოდიში, ბიჭებო, რატომ პრორუსი და რატომ პრო? რუსები ხართ მთელი თქვენი საქმიანობითა და შეგნებით. როდესაც აკეთებთ რუსულ საქმეს, უნდა იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობა ამაზე აუცილებლად დაგეკისრებათ და ისტორია აუცილებლად ასე შეაფასებს.

მე ძალიან ვწუხვარ თქვენი ოჯახის წევრებისა და თქვენი შვილების გამო. ახსენეთ, რომ შვილებს იმის გამო აბულინგებენ, რომ თქვენ ხართ რუსები, მაგრამ თქვენ ასევე ძალიან კარგად უნდა გესმოდეთ, რომ როგორც სერგო ორჯონიკიძემ გააკეთა არჩევანი იმისი, რომ ყოფილიყო სერგო ორჯონიკიძე, თქვენი არჩევანი არის ის, რომ თქვენ ხართ რუსები ამ ქვეყანაში მთელი თქვენი ქმედებებით“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მძიმე დღეშია, რადგან მორალური უპირატესობა დაკარგული აქვს. როგორც წითლიძე ამბობს, „ოცნების“ წევრების არჩევანია, რომ მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის ღალატში და ამაზე პასუხისმგებლობის აღებაც მოუწევთ.

„ჯერ სად ხართ. არა იმიტომ, რომ აქ ვინმე რამეს დაგიშავებთ, თქვენ ნახავთ, რას ნიშნავს იმ ქვეყანაში ცხოვრება, რომლის 20%-ც არის ოკუპირებული და რომლისთვისაც რუსეთი არის ისტორიული მტერი. რაც არ უნდა განცხადებები აკეთოთ და მიპასუხოთ მოშეს დაწერილი მესიჯებით სისხლიან 9 წელთან დაკავშირებით, თქვენ ხვდებით, რომ 2013 წელს თუ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ ხვდებოდა, რომ თქვენ პრორუსები კი არა რუსები ხართ, დღეს ეს წრე ძალიან გაფართოვდა და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის თქვენ ხართ რუსები.

მიკვირს, თუმცა არც მიკვირს და მესმის, რომ განიცდით იმიტომ, რომ ყველანაირი მორალური უპირატესობა დაკარგული გაქვთ, მაგრამ ის მიკვირს, რომ გწყინთ. თქვენ, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან რაღაცას უკარგავთ ახლა ჩემს ქვეყანას, ისტორიულ შანსს, და კიდევ თქვენ გწყინთ, როდესაც რუსებს გეძახიან?! უნდა მიიღოთ, როგორც მოცემულობა. რადგან მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენი ქმედებები იყოს მოღალატეობრივი, მაშინ ამასაც უნდა შეეგუოთ და ამ პასუხისმგებლობით უნდა იცხოვროთ“, – მიმართა ანი წითლიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი