ახალი ამბები

განიხილეთ რიკოთის მშენებარე კომპანიის საქმიანობის შეჩერება — „ღირსეული შრომის პლატფორმა“

27 ივნისი, 2023 • 1241
განიხილეთ რიკოთის მშენებარე კომპანიის საქმიანობის შეჩერება — „ღირსეული შრომის პლატფორმა“

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ ეხმიანება რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მუშის დაღუპვის ფაქტს.

პლატფორმა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულების სამუშაო ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების პირველი შემთხვევა არ არის — 2021 წლის იანვრის ბოლოს სამუშაო ადგილზე დაშავდა რიკოთის საავტომობილო გზების მშენებელი კომპანია „ჩინეთის სახელმწიფო შპს“-ის ერთი დასაქმებული, რისი შეუტყობინებლობის გამოც კომპანია 1000 ლარით დაჯარიმდა.

„ღირსეული შრომის პლატფორმის“ ინფორმაციით, თებერვალში კომპანიაში ჩატარდა შრომის პირობებისა და უსაფრთხოების ნორმების ინსპექტირება და გაიცა მრავლობითი დარღვევების აღმოსაფხვრელი მითითებები.

„2023 წლის აპრილის თვეში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ. ისინი სხვა მოთხოვნებს შორის კომპანიისგან მომეტებული რისკის გამო უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, არც დასაქმებულთა პროტესტზე პასუხად, არც უკვე დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრის შესამოწმებლად შრომის ინსპექციას რეინსპექტირების პროცესი აღარ განუხორციელებია. სამწუხაროდ, რიკოთის სამშენებლო მონაკვეთზე, შრომის უფლებების უმძიმესი დარღვევების და უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ფატალური შემთხვევამდეც მივიდა“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ღირსეული შრომის პლატფორმა“ შრომის ინსპექციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განახორციელოს სამუშოების შემსრულებელი კომპანიის ინსპექტირება/რეინსპექტირება, გამოიკვლიოს მომხდარი ფატალური შემთხვევა და დააკისროს კომპანიას კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი პასუხისმგებლობა; განიხილოს საქმიანობის შეჩერების საკითხიც, სანამ ბოლომდე არ იქნება აღმოფხვრილი შრომის უსაფრთხოების რისკები, მომავალი ფატალური შემთხვევების გარანტირებულად თავიდან აცილების მიზნით;

პლატფორმა პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს,, გონივრულ ვადებში, სრულყოფილად და ეფექტურად გამოიძიონ მომხდარი, უზრუნველყონ ბრალეული პირების გამოვლენა და მიიღონ ზომები, კანონმდებლობის შესაბამისად, მათთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

Საქართველოს მთავრობას  პლატფორმა მოუწოდებს, საგზაო და სხვა საჯარო ინფრასტრუქტურის სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიებს შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისი მკაცრი მოთხოვნები დაუწესოს.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ერთობა 2013
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • გილდია

21 ივნისს რიკოთის უღელტეხილზე, უბისის მონაკვეთთან, გზის მშენებლობაზე სამუშაოს შესრულების დროს, მუშა მშენებარე ხიდიდან მდინარეში გადავარდა და დაიღუპა. ცხედარი სამაშველო სამსახურმა 24 საათის შემდეგ, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრში, შროშასთან იპოვა.

რიკოთთან მდინარეში მუშის ცხედარი იპოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი