ახალი ამბები

კინოცენტრის საკითხზე კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

26 ივნისი, 2023 •
კინოცენტრის საკითხზე კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

27 ივნისს, 17 საათიდან კულტურის სამინისტროსთან კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება.

“თუკი იაზრებ, რომ კულტურის სამინისტროს მიერ კინოცენტრზე კონტროლის გამკაცრება საზოგადოებრივი პრობლემაა; თუკი ხედავ, რომ სურთ, ხელოვნება პარტიულ პრინციპს დაუქვემდებარონ; თუკი ფიქრობ, რომ ხელოვნება პროპაგანდის სამსახურში არ უნდა იდგეს; თუკი აცნობიერებ, რომ ცენზურა ხვალ შენთანაც მოვა: გამოდი 27 ივნისს, 17:00 საათიდან, კულტურის სამინისტროსთან (იუსტიციის სახლის მოპირდაპირე მხარეს). დაიცავი სიტყვის, გამოხატვის, შემოქმედებით თავისუფლება! დაიცავი ქართული კინო, რომელიც საფრთხეშია”, – ნათქვამია ქართველი კინემატოგრაფისტების განცხადებაში.

აქცია 2 მოთხოვნის საფუძველზე  მიმდინარეობს:

  • შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი
  • შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.

“მესამე კვირაა, კინოს სფეროს წარმომადგენლები ჩვენი სამართლიანი მოთხოვნებით პროტესტს არ ვწყვეტთ. თუმცა კინოცენტრისა და სამინისტროს მხრიდან ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა: თეა წულუკიანის მიერ კინოცენტრის ახლად დანიშნულმა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა არც ჩვენს ოფიციალურ წერილს უპასუხა და კარიც არ გაგვიღო. შემდგომ ჩვენი მოთხოვნების ადრესატად შეურაცხმყოფელი განცხადებით თავი მოინიშნა კულტურის სამინისტრომ. ამიტომ 22 ივნისს თეა წულუკიანსაც მივმართეთ ოფიციალური წერილით – შეგვხვდეს და ჩვენს მოთხოვნებზე დაგველაპარაკოს. პასუხად მივიღეთ კულუარულად დაგეგმილი შეხვედრა იმ კინემატოგრაფისტებთან, რომელთაგან სულ რამდენიმე უცხადებდა საჯარო მხარდაჭერას ჩვენს მოთხოვნებს. სამინისტრო ჩვენს ოფიციალურ წერილზე ამ დრომდე დუმს”, – ნათქვამია პროტესტის ჯგუფის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი