ახალი ამბები

რუსეთში „კერძო სამხედრო კომპანიებს“ პატიმრების აყვანა აუკრძალეს

26 ივნისი, 2023 •
რუსეთში „კერძო სამხედრო კომპანიებს“ პატიმრების აყვანა აუკრძალეს

რუსეთში „კერძო სამხედრო კომპანიები“ ამიერიდან ვეღარ შეძლებენ, მსჯავრდებულებთან კონტრაქტები გააფორმონ – ეს უფლება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს დარჩება, განაცხადა სახელმწიფო დუმის საკანონმდებლო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ კრაშენნიკოვმა.

„იყო ისტორია, რომ კერძო სამხედრო კომპანიებს შეეძლოთ აეყვანათ მსჯავრდებულები და მათთან კონტრაქტები გაეფორმებინათ. კანონით მიღებულია ახალი პროცედურა, რომ კონტრაქტები გაფორმდება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთან“, – ციტირებს მას „იზვესტია“.

მისივე თქმით, „ამ კუთხით კერძო სამხედრო კომპანიებმა ფუნქციების ერთი ნაწილი დაკარგეს“.


საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს მას შემდეგ, რაც ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერმა“, რომლის რიგებშიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან წაყვანილი მრავალი პირი იბრძოდა, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა.

„კერძო სამხედრო კომპანიების“ როლის შემამცირებელი ნაბიჯები მოსკოვმა აქამდეც გადადგა – ივნისის დასაწყისში დაანონსდა, რომ ყველა ასეთი კომპანიის მებრძოლმა კონტრაქტები თავდაცვის სამინისტროსთან უნდა გააფორმოს, რასაც პრიგოჟინი სასტიკად შეეწინააღმდეგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი