ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისმა ღარიბაშვილსა და კობახიძეს უჩივლა

26 ივნისი, 2023 •
ლაზარე გრიგორიადისმა ღარიბაშვილსა და კობახიძეს უჩივლა

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისმა მორალური ზიანის ანაზღაურებისა და საჯაროდ ბოდიშის მოხდის თაობაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გრიგორიადისის ადვოკატი, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, დიმიტრი ნოზაძე ავრცელებს.

იურისტის ცნობით, სასამართლოში სარჩელი განსახილველად 22 ივნისს შეიტანეს.

“ირაკლი კობახიძემ ლაზარე ჯერ “ბოლშევიკურ ტროიკასთან” დააკავშირა, როცა საერთოდ არ ეწევა ეს ადამიანი პოლიტიკურ მოღვაწეობას და შემდეგ “ორიენტაციაარეული” უწოდა საჯაროდ. როცა პირი ბრალდებულია, ჯერ მისი საქმე მიმდინარეობს- ერთია, აზრის გამოთქმა და მეორეა, როგორი ფორმით გამოთქვამ და რას იძახი ადამიანზე.

მეორე ნაწილია, ღარიბაშვილი როდესაც გამოვიდა და ყველას სატანისტები და ანარქისტები უწოდა, ვინც აქციაზე იყო. ჩვენთან არ არსებობს ფორმა, როგორ უნდა გამოთქვან სათქმელი, ვისაც რა მოუნდება, იმას ამბობს. თანამდებობის პირს მეტი თმენის ვალდებულება აქვს. აზრის გამოხატვას არავინ უზღუდავს, მაგრამ აზრის დაფიქსირება და პირის შეურაცხყოფა სხვადასხვა რამეა.

მსგავსი გამოთქმებით საზოგადოებაში დიდ ნაგეტიურ განწყობას ქმნის, როდესაც ის ჯერ ბრალდებულია და მისი საქმე სასამართლოში განიხილება. ეს პირდაპირ ან ირიბად გავლენას ახდენს სასამართლოზე”, — განმარტა დიმიტრი ნოზაძემ “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, სარჩელი სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისთან შეთანხმებით შეიტანეს, მოსამართლე გოჩა დიდავამ კი 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა განიხილოს, ცნობს თუ არა სარჩელს დასაშვებად.

რაც შეეხება სარჩელის მოთხოვნას, ნოზაძის განმარტებით, 15-15 ლარს ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილისგან სიმბოლურად ითხოვენ, რადგან აქცენტი არა თანხაზე, არამედ თანამდებობის პირების მხრიდან ბრალდებულზე მსგავსი განცხადებების გაკეთების დაუშვებლობაზეა.

“ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს მათი მხრიდან, რომ გაჟღერდა ეს გამონათქვამები და ბოდიში მოიხადონ”, — ამბობს ნოზაძე.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი