ახალი ამბები

შოიგუ პირველად გამოჩნდა პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ [ვიდეო]

26 ივნისი, 2023 • 2500
შოიგუ პირველად გამოჩნდა პრიგოჟინის ამბოხის შემდეგ [ვიდეო]

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს კადრები დასავლეთის ჯარების სამეთაურო პუნქტში. ეს შოიგუს პირველი საჯარო გამოჩენაა ამბოხის მცდელობის შემდეგ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოიგუმ მოისმინა ჯგუფის მეთაურის ევგენი ნიკიფოროვის მოხსენება და ასევე გამართა შეხვედრა ჯგუფის მეთაურთან, სადაც მან აღნიშნა „მტრის სამხედრო აღჭურვილობის იდენტიფიცირებისა და განადგურების მაღალი ეფექტურობა“.

არც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და არც თავად შოიგუს არ გაუკეთებიათ კომენტარი „ვაგნერის“ ამბოხის შესახებ. ამბოხის შემდგე გავრცელდა ცნობები შოიგუს შესაძლო გადაყენების თაობაზე, რასაც უწყება ასევე არ გამოხმაურებია.

23 ივნისს საღამოს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის რეგულარულმა არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა „ვაგნერის“ ბანაკებზე, ამიტომ „სამართლიანობის აღსადგენად“ 25 000 მებრძოლით გაემართა რუსეთის დედაქალაქისკენ.

„ვაგნერის“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს IL-22M თვითმფრინავი და რუსეთის არმიის ექვსი ვერტმფრენი, დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი.

გზად “ვაგნერმა” აიღო როსტოვი და ვორონეჟის ნაწილი.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, ლუკაშენკოს პრესსამსახურმა და პრიგოჟინმა ამბოხის შეჩერების შესახებ განაცხადეს.

კრემლის პრესპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში გაემგზავრა.

„ამბოხი“ დასრულდა – რა ბედი ეწვევა პრიგოჟინს?

მასალების გადაბეჭდვის წესი