ახალი ამბები

ცხინვალელ „ვაგნერელებს“ მოუწოდეს, მონაწილეობას ნუ მიიღებენ ამბოხში

24 ივნისი, 2023 • 4274
ცხინვალელ „ვაგნერელებს“ მოუწოდეს, მონაწილეობას ნუ მიიღებენ ამბოხში

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ცხინვალელ მებრძოლებს მოუწოდა, ნუ შეასრულებენ ხელმძღვანელობის ბრძანებებს მონაწილეობას ნუ მიიღებენ სამხედრო ამბოხში.

გაგლოვის მოწოდების შესახებ ინფორმაცია რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება „რია ნოვოსტიმ“ გაავრცელა.

ამავე მედიასაშუალების ინფორმაციით, რუსეთში მიმდინარე მოვლენების გამო საზღვრების გაძლიერების შესახებ განაცხადეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, სადაც პუტინს მხარდაჭერაც გამოუცხადეს.

მთავარ ფოტოზე: „ვაგნერელები“ დონის როსტოვის ქუჩებში.


კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფციისა და ომის არასათანადო მართვის გამო უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას — თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.

მათი შეპყრობის მიზნით კი, როგორც პრიგოჟინი ამბობს, 25-ათასიანი არმიით გაემართება მოსკოვისკენ.

უკვე 24 ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერი“ შევიდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ დონის როსტოვში, დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და გზას აგრძელებს მოსკოვისკენ, სადამდეც 1000 კილომეტრია.

რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „ანტიტერორისტული ღონისძიების რეჟიმი“ გამოაცხადა, მოსკოვის მიმართულებით კი რამდენიმე მაგისტრალი დაკეტა.

თავად დონის როსტოვში შეფერხებულია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მმართველობის საქმიანობა, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია, ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას „რთული“ უწოდა, „ვაგნერელებს“ — მოღალატეები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი