საქართელოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთში მიმდინარე სამხედრო ამბოხის ფონზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშულია, რომ აღნიშნულ სახელმწიფოსთან სახმელეთო საზღვარზე ვითარებას აკონტროლებენ.
„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ „დარიალზე“ არსებული მდგომარეობის შესახებ.
24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე საზღვრის დაკეტვის, ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“, — აცხადებს შსს.
საქართელოს ხელისუფლებას რუსეთთან საზღვრის დახურვის, ან მკაცრად გაკონტროლების შესახებ მას შედეგ მოუწოდეს, რაც რუსეთში ვითარება დაიძაბა.
კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 ივნისის ღამით განაცხადა, რომ კორუფციისა და ომის არასათანადო მართვის გამო უპირისპირდება რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას — თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს.
მათი გადმოცემის მიზნით კი, როგორც პრიგოჟინი ამბობს, 25-ათასიანი არმიით გაემართება მოსკოვისკენ.
უკვე 24 ივნისის დილით ცნობილი გახდა, რომ „ვაგნერი“ შევიდა უკრაინის მოსაზღვრე ქალაქ დონის როსტოვში, დაიკავა სტრატეგიული ობიექტები და გზას აგრძელებს მოსკოვისკენ, სადამდეც 1000 კილომეტრია.
რუსეთის ხელისუფლებამ პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში „ანტიტერორისტული ღონისძიების რეჟიმი“ გამოაცხადა, მოსკოვის მიმართულებით კი რამდენიმე მაგისტრალი დაკეტა.
თავად დონის როსტოვში შეფერხებულია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მმართველობის საქმიანობა, ქალაქის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია, ხელისუფლება კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
ვლადიმერ პუტინმა დონის როსტოვში შექმნილ ვითარებას „რთული“ უწოდა, „ვაგნერელებს“ — მოღალატეები და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად.