ახალი ამბები

გახარია რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს

24 ივნისი, 2023 • 1480
გახარია რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია რუსეთში შექმნილი ვითარების გამო საქართველოს ხელისუფლებას უსაფრთხოების საბჭოს დაუყოვნებლივი შეკრებისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო და დაიცვას ქვეყნის ინტერესები! არაპროგნოზირებადი ვითარების გათვალისწინებით და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დროებით ჩაიკეტოს საზღვრები რუსეთთან.

საფრთხე რეალურია! საქართველოს სახელმწიფო საზღვარი – ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ყველაზე ახლო წერტილია გამწვავების ზონასთან. შვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო“, — წერს გახარია თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.


კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს რუსეთის რეგულარული არმია და თავდაცვის მინისტრი შოიგუ დაადანაშაულა „ვაგნერელების“ ბაზის დაბომბვაში. იგი ამბობს, რომ 25-ათასიან ჯართან ერთად აპირებს გაარკვიოს, „რატომ ხდება ქვეყანაში აურზაური“ და მოაწყოს „სამართლიანობის მარში“. პრიგოჟინი უარყოფს, თითქოს სახელმწიფო გადატრიალება აქვს განზრახული და ირწმუნება, რომ უამრავი სამხედრო მას მხარს უჭერს.

პრიგოჟინისა და თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც აქამდე ცივ ომს წააგავდა – შემოიფარგლებოდა მხოლოდ განცხადებებით, ისიც პრიგოჟინის მხრიდან — როგორც ჩანს, რეალურ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომელსაც კრემლი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად მიიჩნევს.

თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ პრიგოჟინის ბრალდებებს, ხოლო რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის თქმით, „შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე“ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა [ფსბ] სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვითარების საქმის კურსშია რუსეთის პრეზიდენტიც.

„ვაგნერმა“ 24 ივნისის დილისთვის უბრძოლველად დაიკავა რუსული ქალაქი დონის როსტოვი. სამხედრო ამბოხებულთა დასჯის პირობა დადო პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ამბოხების შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მან თქვა, რომ არ დაუშვებს რუსეთში არეულობას და ბოლომდე დაიცავს კონსტიტუციურ წესრიგს.

მასალების გადაბეჭდვის წესი