ახალი ამბები

კულტურის სამინისტროში კინემატოგრაფისტებთან შეხვედრა დაინიშნა

23 ივნისი, 2023 • 1062
კულტურის სამინისტროში კინემატოგრაფისტებთან შეხვედრა დაინიშნა

კულტურის სამინისტროში კინემატოგრაფისტებთან შეხვედრა დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ რეჟისორმა ნანა ჯორჯაძემ დაუდასტურა. ჯორჯაძის თქმით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია შეხვედრის ფორმატი და დაესწრება თუ არა მას თეა წულუკიანიც.

ჯორჯაძის თქმით, შეხვედრაზე გეგმავს კინოსა და კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბროს, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე მეტი კონკრეტიკისგან თავს იკავებს. რეჟისორი აღნიშნავს, რომ მისი პოზიცია კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ცნობილია და სამინისტროშიც ამავე მოსაზრების გახმიანებას გეგმავს.

შეხვედრა კულტურის სამინისტროში 17:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც „ეროვნული კინოცენტრის“ ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე პირად „ფეისბუკ გვერდზე“ წერს, შეხვედრაზე არ მიიწვიეს ის კინემატოგრაფისტები, რომლებიც აქტიურად არიან პროტესტში ჩართული, მიწვეული სტუმრების ნაწილმა კი, მისი თქმით, შეხვედრაზე დასწრებაზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება ნანა ჯორჯაძის პოზიციას, „პუბლიკასთან“ ინტერვიუში რეჟისორი აცხადებდა, რომ კინოცენტრი შემოქმედებითი ორგანიზაციაა და იქ თავისუფალი აზრის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მისი თქმით, აუცილებელია, მისი დამოუკიდებლობა შენარჩუნდეს, დირექტორი კი კინოს სფეროს წარმომადგენლების მიერ უნდა იყოს არჩეული და არა ვინმეს მიერ ერთპიროვნულად.

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრომ კინემატოგრაფების პროტესტის დაწყებიდან თითქმის 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა განცხადებით და მას “უსაფუძვლო აჟიოტაჟი” უწოდა. მსგავსად გამოეხმაურა მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კინემატოგრაფების პროტესტს „ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა.

თავად კინოცენტრის ადმინისტრაციას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

გირჩევთ წაიკითხოთ:

წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

მასალების გადაბეჭდვის წესი