„ჭიათურის მაღაროების მაღაროელებისთვის გადმოცემა არარეალურია და არ იქნება შეთანხმებული“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ გაფიცულმა მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადების საპასუხოდ.
„ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ მზადაა, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს.
ტარიელ მიქაცაძის აზრით, მსგავსი განცხადებით კომპანია დროის მოგებას, პროტესტის მონაწილეთა დაპირისპირებას და გამოფიტვას ცდილობს.
„ჯერ ერთი, რომ რეალურად არ აქვთ მაღაროების გადმოცემის განზრახვა და რომც ჰქონდეთ, ჩვენ პროფესიონალი მშრომელი ხალხი ვართ და არანაირი სურვილი არ გვაქვს, ხელში ავიღოთ მმართველობა“, — განაცხადა მიქაცაძემ.
ნაცვლად ამისა, მიქაცაძის თქმით, მაღაროელებს სჭირდებათ სწორი მენეჯმენტი, ეკოლოგიური გარემო და ხელფასის ზრდა.
„არც სურვილი გვაქვს და არც აქციაზე გაგვიჟღერებია მაღაროების გადმოცემის მოთხოვნა. ჩვენ საუბარი გვქონდა ნაციონალიზაციაზე, რომ სახელმწიფოს გადასცემოდა ჩვენი სიმდიდრეები და არა ის, რომ კომპანიას ერთი კონკრეტული ან რამდენიმე მაღარო მაღაროელებისთვის გადაეცა. ჩვენ გვყავს როგორც მაღაროელი მოშიმშილეები და აქციის მონაწილეები, ასევე, ღია სამუშაოებზე მომუშავე ხალხი. ასე რომ, ეს მორიგი ცრუ განცხადებაა, რომ აქციის მონაწილეები დაგვაპირისპირონ ერთმანეთს“, — განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.
„ჯორჯიან მანგანეზში” უკვე არაერთი წელია სახელმწიფოს მიერ სპეციალური მმართველია დანიშნული. მიქაცაძის თქმით, ეს საკმარისი არ არის — სახელმწიფო მმართველს ეკოლოგიაზე უნდა მიექცია ყურადღება და იმაზე, საით მიემართება სახსრები, თუმცა არანაირი პროგრესი არ ყოფილა. ტარიელ მიქაცაძის თქმით, აქციებმაც აჩვენა, რომ მმართველი რგოლიდან კომპანიის წარმომადგენლები საუბრობენ და არა — სახელმწიფო მმართველი.
ჭიათურელი მაღაროელები 2 კვირაზე მეტია გაფიცულები არიან, 10-მდე მათგანი ამ დრომდე შიმშილობს. მაღაროელთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად თვითდაზიანებებიც მიიყენა. გაფიცულები ითხოვენ ხელფასის მომატებასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას.` „ჯორჯიან მანგანეზი მზადყოფნას აცხადებს, დააკმაყოფილოს გაფიცულთა ყველა პირობა, გარდა ხელფასის მოთხოვნილი პროცენტით მომატებისა.
ჯორჯიან მანგანეზი: მზად ვართ, მაღაროები მართვაში გადავცეთ მაღაროელებს