ახალი ამბები

თუ პრეზიდენტი “ქართული ოცნების” სამიზნე გახდება, დავიცავთ — დეკანოიძე

22 ივნისი, 2023 • 951
თუ პრეზიდენტი “ქართული ოცნების” სამიზნე გახდება, დავიცავთ — დეკანოიძე

პარლამენტის დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან “სამიზნე” გახდება, მას აუცილებლად დაიცავს. ამის შესახებ განცხადება დეკანოიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც პრეზიდენტმა “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია შეიწყალა.

“ყველაზე დიდი ნაბიჯი ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის გადადგა საქართველოს პრეზიდენტმა. იგი თუ გახდება სამიზნე ქართული ოცნების მხრიდან, დავიცავთ. აუცილებლად!”, — დაწერა დეკანოიძემ სოციალურ ქსელში.

გვარამიას შეწყალების შესახებ განცხადება პრეზიდენტმა  დღეს, 22 ივნისს, 21:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მსჯავრდადებულის შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა და ამასთან დაკავშირებით დამატებით ახსნა-განმარტებას არ გააკეთებს.

მანამდე, 19 ივნისს, ნიკა გვარამიას სარჩელი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო.


ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს შეუფარდა. პროკურატურა გვარამიას ედავებოდა, „რუსთავი 2-ის“ დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის „კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას“.

მის დაპატიმრებას კრიტიკა მოჰყვა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მათ შორის, გვარამიას პატიმრობას არაერთხელ გამოეხმაურნენ ევროპარლამენტარები.

ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის თქმით, ქვეყნისთვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, არ არის ბუნებრივი ჟურნალისტების ციხეში ჩასმა ისეთი ბრალდებებით, რომლებიც „აშკარად შეთითხნილია“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეერთებული შტატების საელჩომ აშშ-ში დაგეგმილი პროგრამიდან მოხსნა.

2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი