ახალი ამბები

რეალობა ისაა, რომ „ოცნებას“ არ სურს რეფორმები – ნაცვლიშვილი ევროკომისიის შეფასებაზე

22 ივნისი, 2023 • 765
რეალობა ისაა, რომ „ოცნებას“ არ სურს რეფორმები – ნაცვლიშვილი ევროკომისიის შეფასებაზე

პარტია „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ეხმიანება და ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეფორმების გატარება არ სურს.

მისი თქმით, ყველა იმ საკითხზე, რაც „ოცნებამ“ ვერ შეასრულა, „ლელოს“ საკანონმდებლო წინადადები ჰქონდა, რათა ევრორეკომენდაციები შესრულებულიყო.

„რეალობა ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს რეფორმები სასამართლოს, ანტიკორუფციული, დეოლიგარქიზაციის და სხვა მიმართულებებით.
მაგრამ ამის თქმა არ უნდათ. ამიტომ იგონებენ ხან ერთ, ხან მეორე ტყუილს, რომ ან ევროპას დააბრალო, ან ოპოზიციას, ან ამინდს. ის, რაზეც პასუხისმგებლობა მას აკისრია! სამწუხაროდ, ამ ტყუილების გავრცელებაში ნებით თუ უნებლიეთ მათ მოქალაქეთა ნაწილიც ეხმარება.

ყველა ამ საკითხზე, რაც ჩავარდნილია, „ლელომ“ ჯერ კიდევ სექტემბერში მოვამზადეთ, წარვადგინეთ და დავაინიცირეთ გამართული საკანონმდებლო წინადადებები, რომ რეკომენდაციები შესრულებულიყო. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და მძიმე შედეგები“, – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.


დღეს, 22 ივნისს, ევროკომისიამ გაასაჯაროვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის წარდგენილი ზეპირი მოხსენება, რომელშიც ევროკომისია ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ბრიუსელის მიერ მიცემული რეკომენდაციის შესრულებას აფასებს.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ, 12 რეკომენდაციიდა სრულად 3 შეასრულა,  7 რეკომენდაციაზე  გარკვეული პროგრესი აქვს, 1 რეკომენდაციაში შეზღუდული პროგრესი აქვს, 1 რეკომენდაციაში კი საერთოდ არ აქვს პროგრესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი