საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ ვრცელ ინგლისურენოვან წერილს ავრცელებს და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, საქართველოსთან ურთიერთობაში ფაქტებზე მაღლა აღქმები არ დააყენონ.

პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ზოგი უცხოელი პარტნიორი სააკაშვილის „ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანიის“ მსხვერპლი გახდა, მათ შორის, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო 10 წელიწადში, „ოცნების“ მმართველობის პერიოდში, საქართველოს დიდი წინსვლა ჰქონდა დემოკრატიის კუთხით, მაგრამ ამას ვერ ხედავენ ქვეყნის გარეთ, „ოპოზიციის პოლიტიკური რადიკალიზმით შექმნილი გარე იმიჯის გამო“.

წერილში აღნიშნულია, რომ სააკაშვილისა და ოპოზიციის წარმოებული კამპანიის შედეგად, „მივიღეთ უზარმაზარი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც, ირონიულად, წამოვიდა არა ჩრდილოეთიდან, როგორც ველოდით, არამედ დასავლეთიდან და მთელ მსოფლიოში საქართველოს რეპუტაციას ზიანი მიაყენა“.

პაპუაშვილი ხაზს უსვამს, რომ უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ დეზინფორმაციას განგებ თუ უნებლიეთ ავრცელებდნენ, მონაწილეობას იღებდნენ კამპანიაში საქართველოს წინააღმდეგ და მართებთ, ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს.

დასკვნით ნაწილში პარლამენტის თავმჯდომარე აღიშნავს: „ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ძალიან კარგად შეუძლიათ, აყვნენ არასწორ აღქმებს და, შესაბამისად, ძირი გამოუთხარონ ნდობას ჩვენს ურთიერთობებში“.

პაპუაშვილის წერილს თან ერთვის აშშ-ის დამფუძნებელი მამის, ჯონ ადამსის ციტატაც: „ფაქტები ჯიუტია და როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი სურვილები, მიდრეკილებები, ან ჩვენი გრძნობების კარნახი, მათ არ შეუძლიათ ფაქტებისა და მტკიცებულებების შეცვლა“.