ახალი ამბები

Reuters: უკრაინამ EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად 7-დან 2 პირობა შეასრულა

20 ივნისი, 2023 • 1415
Reuters: უკრაინამ EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად 7-დან 2 პირობა შეასრულა

სააგენტო Reuters-ის ცნობით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად საჭირო 7-დან 2 პირობა შეასრულა.

აღნიშნულ ინფორმაციას Reuters თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ევროკავშირის წარმომადგენლები არიან. მათი ცნობით, ერთ-ერთმა წყარომ უთხრა, რომ უკრაინის მიერ შესრულებული 2 პირობა ეხება სასამართლო რეფორმასა და მედიის შესახებ კანონს.

სააგენტოს ცნობით, სწორედ ეს იქნება ნათქვამი ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში, რომელსაც მიმდინარე კვირაში წარადგენენ.

Reuters წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ შუალედური ანგარიშის წარდგენისას ევროკავშირის წარმომადგენლები აპირებენ ხაზი გაუსვან უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს.

„პროგრესი არის. [ევროკომისიის შუალედური] ანგარიში ზომიერად დადებითი იქნება. ეს არ არის რეალობის შელამაზება, არამედ პროგრესის აღიარებაა“, – უთხრა ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს.

კიდევ ერთმა წყარომ, რომელიც ასევე ევროკავშირის წარმომადგენელია, უკრაინაში კანონის უზენაესობის შესახებ Reuters-ს უთხრა, რომ სასამართლო რეფორმებმა გარკვეული პროგრესი განიცადა, თუმცა ყველაფერი დამაკმაყოფილებელი არ არის და ძირითადი რეფორმები ჯერ კიდევ გასატარებელია.

„რაც შეეხება რეფორმებს, შეიძლება ითქვას, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა. ამ მომენტში უკრაინის მიმართ ნეგატიურ ტონს არ მივიღებთ“, – ეუბნება Reuters-ს წყარო ევროკავშირიდან.

2022 წელს ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა 7 პირობა აქვს შესასრულებელი. მათ შორისაა: საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ქმედებების კანონმდებლობით გამყარება, ოლიგარქიის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, დამოუკიდებელი მედიამარეგულირებელი ორგანოს გაძლიერება და ამ მიმართულებით უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირთან თანხვედრაში მოყვანა, ეთნიკური უმცირესობების უფლებების მიმართულებით სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავების დასრულება.

თავის მხრივ უკრაინა ითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 2023 წელს დაიწყოს.


ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს ზეპირ მოხსენებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.

ევროკომისიის ზეპირი მოხსენების განხილვა მოხდება ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 21-22 ივნისს სტოკჰოლმში გაიმართება.

ზოგადი საქმეთა საბჭო ევროკავშირის საბჭოს კონფიგურაციაა და თვეში ერთხელ, ძირითადად წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იკრიბება. დღის წესრიგის საკითხებიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომებზე მონაწილეობენ ევროპულ საკითხებზე პასუხისმგებელი ან სხვა მინისტრებიც. ზოგად საქმეთა საბჭო განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებთან, ინსტიტუციურ ან ადმინისტრაციულ საკითხებთან. ის კოორდინაციას უწევს ევროპული საბჭოს შეხვედრების მომზადებას და შემდგომ მუშაობას.

ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი