კინემატოგრაფისტებმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, კობა ხუბუნაიას მიმართეს ოფიციალური წერილით. აქამდე არსებულ მოთხოვნებს დაემატა შეხვედრის მოთხოვნა ხუბუნიასთან, რომელიც საჯაროდ, პირდაპირი ეთერით უნდა გაშუქდეს. ამის შესახებ განცხადება კინოცენტრში დღეს, 19 ივნისს შეიტანეს.
რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხვალ, 18:00 საათამდე, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან არ ექნებათ კონკრეტული პასუხი, ისინი აქციას გამართავენ.
ხუბუნაიასთან შეხვედრის გარდა ისინი ითხოვენ კინოცენტრში გამოცხადებული რეორგანიზაციის შეჩერებას და კინოცენტრის დირექტორის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებით მუშაობის დაწყებას.
“ჩვენ იძულებული ვართ, მივმართოთ პროტესტის ამ ფორმას. ეს არ არის ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა. ეს არ არის ჩვენი სურვილი, არ არის რაღაც, რაც გვიხარია. ჩვენ ამ წუთას ვდგავართ ამ კართან [კინოცენტრის] იმის გამო, რომ ეს კარი ჩაკეტილია.
ჩვენ მიმართ ყველაზე პასუხისმგებელ პირთან ვითხოვთ შეხვედრას და ის გაურბის ჩვენი კითხვების მოსმენას. ჩვენ გვინდა საჯაროობა, გვინდა საუბარი. ჩვენ ვართ დიალოგის მომხრეები და ინიციატორები. აქ ვდგავართ იმიტომ, რომ იძულებული ვართ დიალოგი მოვითხოვთ აქ, ახლა და ამ ფორმით და არა იმიტომ, რომ არ გვინდა დიალოგი, რასაც ისინი ამბობენ” ,— განაცხადა პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა კინემატოგრაფისტმა ნინო გოგუამ.
აღნიშნული განცხადებით, მათ ასევე უპასუხეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც, რომელმაც დღეს თქვა, რომ კინოცენტრის გარშემო “ჭარბი აჟიოტაჟია” შექმნილი და “ეჭვი გაუჩნდა, კლანი ხომ არ იყო იქ თავის დროზე ჩამოყალიბებული”.
“საჭიროა მეტი რესურსის ჩადება, მათ შორის, ინტელექტუალური რესურსის ჩადება ქართული კინოს განვითარებაში. აქეთკენ არის მიმართული მინისტრის ქმედებები, დანარჩენი უნდა გადაწყდეს დისკუსიის ფორმატში. ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს დისკუსიის ფორმატში, არა პროტესტის ორგანიზებით”, — თქვა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.
ნინო გოგუას შეფასებით, კობახიძის განცხადება შეურაცხმყოფელია მათთვის, “როგორც ავტორებისთვის და როგორც მოქალაქეებისთვის”.
რა ხდება კინოცენტრში?
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.
კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.
ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.
რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.
კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.