ჩეხეთის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა გმობს „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესა და ლიბერალური აკადემიის ბანაკზე თავდასხმას.
„აბსოლუტურად საშინელი მოვლენების განვითარებაა. ძალადობა მიუღებელია საზოგადოებაში. კიდევ უფრო ნაკლებად მისაღებია პოლიტიკოსების, აქტივისტების, ახალგაზრდა ადამიანების წინააღმდეგ. მკაცრად ვგმობ ამ შემთხვევას და ვიმედოვნებ, რომ ბატონო ჯაფარიძე კარგად იქნება და ბანაკის მონაწილეებს არაფერი დაუშავდებათ“, — განაცხადა ელჩმა.
„გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს გორის „სმარტთან” თავს დაესხნენ. ის ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში სპიკერად მიდიოდა. მოგვიანებით, ძალადობრივი ჯგუფები მიცვივდნენ ლიბერალური აკადემიის ბანაკშიც.
ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, საღებავებს და სავარაუდოდ, ქვებს ესვრიან ბანაკის მიმართულებით. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ლიბერალური აკადემიის ცნობით, დაგვიანებით მივიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.