ახალი ამბებიკინოკომენტარი

„ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი” – ნატა მურვანიძე

19 ივნისი, 2023 • 1732
„ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი” – ნატა მურვანიძე
მსახიობი ნატა მურვანიძე კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქვეყნებს განცხადებას თავის ფეისბუკ გვერდზე:
„ლიტერატურაც, კინოც, თეატრიც, მუსიკაც, მხატვრობაც… ხელოვნება უნდა იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. ამ თავისუფლებას ხელს უნდა უწყობდნენ და არა პირიქით, რადგან ნებისმიერი წინააღმდეგობა, ნებისმიერი მარწუხი, ნებისმიერი აკრძალვა ყოველთვის საპირისპიროს იწვევს. ასე იყო, არის და იქნება. წინააღმდეგობა ალტერნატიულ გზებს პოულობს, გამოხატვის სხვა ფორმებს, სხვა ენას, რომელსაც ვერავინ დაეწევა, ვერ შეაჩერებს. არ ჩერდება, არ ჩუმდება, ვერ ჩუმდება. აზრი არ აქვს ამასთან ბრძოლას. და თუ გაჩუმდა, ან გაჩერდა ე.ი. ძალას იკრებს და აუცილებლად აზვირთდება და ყველაფერს წალეკავს. სახიფათოა ეს გზა. ფრთხილად”, – წერს მსახიობი.

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინო ინდუსტრიის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებებს.

სამინისტრომ კინოცენტრის რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა  დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს. თუმცა ჟურნალისტებთან ისაუბრა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიზემ და კინო ინდუსტრიის წარმომადგენელთა პროტესტს  „ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა, ამასთან “სამარცხვინო” უწოდა სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს [“მოთვინიერება”], რომელიც  მაყურებელს მოუთხრობს ბიძინა ივანიშვილის გიგანტური ხეებით გატაცების შესახებ. ფილმის გადაღება კინოცენტრმა დააფინანსა.

კინოცენტრი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

ფოტო გარეკანზე: პირველი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი