ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე შეთანხმებას მოსკოვში ხელი მოაწერეს

16 ივნისი, 2023 • 1651
სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე შეთანხმებას მოსკოვში ხელი მოაწერეს

რუსეთის ეკონომიკის მინისტრიმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა რუსეთის ქალაქ პეტერბურგში, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, “სოხუმის არძინბას სახელობის  საერთაშორისო აეროპორტის” აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO), რომელიც აფხაზეთს აღიარებს საქართველოს შემადგენელ ნაწილად, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი.  რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე დაიწყო საუბარი აფხაზურმა მხარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებდნენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”.

“რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთში აეროპორტის აღდგენა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი. თუმცა იცვლება დრო, ტურიზმი კი დამატებითი სტიმული ხდება. სოხუმის აეროპორტისთვის, სავარაუდოდ, რუსეთის აეროპორტის კოდი იქნება გამოყენებული”, –ამბობდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელი პრეზიდენტი ასლან ბჟანია ქართული მხარის საპასუხოდ.

დღეს, 16 ივნისს, რუსეთში  ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებს, შეასრულოს საინვესტიციო პროექტის ყველა პირობა. აფხაზეთი კი – ობიექტების საინვესტიციო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლებების დაცვის განსაკუთრებულ სახელმწიფო გარანტიებს იძლევა.

ფოტო: აფხაზური მედია

ფოტო: აფხაზური მედია

რუსეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა აფხაზეთისთვის ისტორიული მოვლენაა, ასევე, წარმოადგენს  ტურიზმის განვითარების დიდი სტრატეგიის ნაწილს.

“აეროპორტი უკვე 30 წელია არ მუშაობს, რაც სერიოზულად აფერხებს აფხაზეთს საქმიან და ტურისტული სფეროების განვითარებას. რუსეთისთვის ახალი აეროპორტი ორ მნიშვნელოვან ამოცანას გადაჭრის – მოხსნის სოჭის აეროპორტისა და “ადლერის” საავტომობილო გამშვები პუნქტის დატვირთვას, რომლებიც მთავარი წერტილებია დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში შესასვლელად”.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის თქმით კი, აეროპორტი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებაზე – გაიზრდება ტურისტების რიცხვი და გაფართოვდება აფხაზეთის შესაძლებლობები საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სისტემაში”.

ოფიციალური ცნობითვე, აეროპორტის აღდგენითი სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, კერძო ინვესტორის ფულით. წინასწარი შეფასებით კი, მისი აღდგენის პირველი ეტაპის ღირებულება, რომელიც ასაფრენ-დასაფრენი ზოლების მოწყობას ითვალისწინებს, 6,5 მილიარდი რუსული რუბლი [დაახლოებით, 800 000 აშშ დოლარი] იქნება.

სოხუმის აეროპორტის მუშაობის დაწყება კი, მხარეთა ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოსთვის იგეგმება და წლიურად მგზავრთა ნაკადი 1,2 მილიონი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი