ახალი ამბები

ბოჭორიშვილი დეპუტატებს კითხვებს უწუნებს

16 ივნისი, 2023 • 757
ბოჭორიშვილი დეპუტატებს კითხვებს უწუნებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს აკრიტიკებს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილისთვის დასმული კითხვებისთვის.

„კითხვების დასმის პროცესშიც გამოჩნდა, რამდენი არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარლამენტის წევრი ზის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. შეიძლება დაუძინებელმა მტერმა ვერ მიაყენოს ქვეყანას იმხელა ზიანი, რაც ერთ საათში, კითხვების დასმის პროცესში გააკეთეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ოპოზიციიდან. ეს არის დიაგნოზი, რატომ არის თქვენი საქმე ასჯერ უფრო რთული გასაკეთებელი, ვიდრე ნებისმიერი სხვა საგარეო საქმეთა მინისტრის“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ოპოზიციის დეპუტატების კითხვები საგარეო საქმეთა მინისტრთან შეეხებოდა „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ რიტორიკას. მინისტრს ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა პრემიერის განცხადებას, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი ამ უკანასკნელის ნატოსკენ სწრაფვაა; შეხვედრია თუ არა ოდესმე ე.წ. გლობალური ომის პარტიის წარმომადგენელს ან ვინმეს, ვინც საქართველოს მოსთხოვა მეორე ფრონტის გახსნა, როგორც ამას ხელისუფლების კონსპირაციული თეორია ამტკიცებს. დეპუტატები ასევე დაინტერესდნენ, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა რამდენად საფრთხის შემცველია საქართველოსთვის.

თავად მაკა ბოჭორიშვილმა ილია დარჩიაშვილს შემდეგი კითხვა დაუსვა:

„გვესმის პოზიციები ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც საქართველოს აქვს ძალიან კარგი პოზიციები და ახსნები. მაგალითად, რუსეთთან ფრენების ან ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის განცხადებებზე შეერთების საკითხზე. ამაზე გვაქვს პასუხები. ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია უფრო აქტიურად გამოვიყენოთ ის თანამშრომლობის ინსტიტუტები, რაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან, თუნდაც უსაფრთხოების დიალოგის ფორმატები, რომ პრევენცია მოვახდინოთ მსგავსი განცხადებების, რაც გვესმის ხოლმე ევროკავშირის მხრიდან“.

საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი