ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველი პოლიტიკოსები, რომელთაც ყველაზე ხშირად ციტირებენ სოხუმში

3 ივლისი, 2023 • 1489
ქართველი პოლიტიკოსები, რომელთაც ყველაზე ხშირად ციტირებენ სოხუმში

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ტელეგრამ არხზე, რომელიც ყოველდღიურ პოლიტიკურ შიდა და საგარეო ამბების შესახებ რუსეთის პროპაგანდას ავრცელებს, პერიოდულად ციტირებს საქართველოს ხელისუფლებას, კერძოდ, ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილს.

ყველაზე ხშირად სოხუმი აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ანტიუკრაინულ და რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის საკითხებთან დაკავშირებით განცხადებებს.

“მეორე ფრონტის” გახსნის თემა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელების მიერ უკრიანაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. “ქართული ოცნების”  კონკრეტული წევრები საჯარო განცხადებებში დასავლეთსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ოპოზიციას “მეორე ფრონტის” გახსნის მცდელობაში ადანაშაულებენ. “დასავლეთის მიერ წაქეზებულ” ე.წ. მეორე ფრონტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მსგავს განცხადებებს აქვეყნებს მოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი.

ირაკლი კობახიძის უკანასკნელი მსგავსი განცხადება აფხაზურმა [ასევე, ოსურმა] მხარემ ტელეგრამ არხზე დღეს, 3 ივლისს გაავრცელა.

“ირაკლი კობახიძის თქმით, რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე ოპოზიციის [საქართველოს] რეაქციებმა აჩვენა, რომ ისინი ნებისმიერ საბაბს იყენებენ საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ტელეგრამ არხზე.

აღნიშნულ რესურსზე მოხვდა საქართველოს პრემიერისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ აქამდე გაკეთებული სხვა განცხადებებიც – ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ, ანტიუკრაინული, დასავლეთისა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ასევე, რუსეთთან ურთიერთობის სარგებელზე.

ზოგიერთი განცხადების ამონარიდი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ტელეგრამ გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი