ახალი ამბები

ხელფასის მატებასა და ძველი სამუშაო გრაფიკის გარდა, ყველა პუნქტზე შევჯერდით — „ჯორჯიან მანგანეზი“

15 ივნისი, 2023 • 1453
ხელფასის მატებასა და ძველი სამუშაო გრაფიკის გარდა, ყველა პუნქტზე შევჯერდით — „ჯორჯიან მანგანეზი“

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლებთან ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების გარდა, მათ ყველა მოთხოვნაზე შეჯერება მოხდა.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელიც გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრის დეტალებს მოიცავს.

„კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და იმ თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობაზე გადასვლას არ თანხმდებიან, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანია ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

კომპანია თანამშრომლებს სთავაზობს, შეწყვიტონ პროტესტი, განაახლონ მუშაობა და მუშაობის შედეგად რა ეკონომიკური ეფექტიანობაც იქნება მიღწეული, იმის მიხედვით განისაზღვროს თანამშრომელთა ბონუსები და ბენეფიტები. შესაბამისად, კომპანია გამოხატავს მზაობას მედიაციის პროცესის გაგრძელებაზე და თანხმობას გამოთქვამს, მიღწეულ შედეგზე გააფორმოს სამედიაციო შეთანხმება“, — აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“.

ასევე, კომპანია სთავაზობს ყველა თანამშრომელს, მათ, ვისაც სურს მუშაობის დაწყება, დაუყოვნებლივ გახსნას საწარმოები და თანამშრომლები 100%-იან სახელფასო ანაზღაურებაზე გადაიყვანოს. ხოლო მათთვის, ვისაც არ სურს სამუშაოს დაწყება მედიაციის პროცესის დასრულებამდე, სპეციალური სამუშაო რეჟიმი 1 აგვისტომდე გაახანგრძლივოს და აანაზღაუროს ხელფასის 60%.

„ჯორჯიან მანგანეზი“ კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად კომპანია მიმდინარე წლის თებერვლიდან სპეციალურ სამუშაო რეჟიმზეა გადასული.

„კერძოდ, გლობალური კრიზისით გამოწვეული პრობლემების დასაძლევად ჭიათურაში მანგანუმის მადნის მოპოვება, გამდიდრება და სხვა მასთან დაკავშირებული საქმიანობა დროებით შეაჩერა და უკვე მეხუთე თვეა 3 382 თანამშრომელს ხელფასის 60%-ს უხდის, რაც თვეში 6 მილიონ ლარზე მეტია.

მსოფლიო ფეროშენადნობების ბაზარზე შექმნილი კრიზისის ფონზე, 5 ივნისს კომპანიამ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე 720 თანამშრომელს შეცვლილი სამუშაო პირობა შესთავაზა, რათა კომპანიას საქმიანობა არ შეეჩერებინა და ჭიათურის 3,382 თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩენილიყო. უკვე წლებია, 2,662 თანამშრომელი 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობს, გარდა ე.წ. ვახტებზე დასაქმებული თანამშრომლისა.

შეცვლილი სამუშო პირობა გულისხმობს ორცვლიანი 12- საათიანი სამუშაო პირობებიდან სამცვლიან 8-საათიან სამუშაო პირობებზე გადასვლა. უცვლელი რჩება თვის მანძილზე თანამშრომელთა ხელფასი, დასვენებისა და სამუშაო საათები. ახალი სამუშაო გრაფიკის მიზანია შრომის უკეთესი და თანაბარი პირობების შეთავაზება და შრომის ნაყოფიერების გაზრდა“, – აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზი“.

კომპანიის ამ განცხადებასთან დაკავშირებით მაღაროში დასაქმებულები საერთო განცხადების გავრცელებას მოგვიანებით, მედიატორთან შეხვედრის შემდეგ გეგმავენ.


ჭიათურაში „ჯორჯიან მანქანეზის“ მაღაროებში დასაქმებულები უკვე მეცხრე დღეა საპროტესტო რეჟიმში არიან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამასთან, მაღაროელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. დღეს მე-3 დღეა, რაც 10 მაღაროელი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს ჭიათურის მერიასთან დადგმულ კარავში.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟი ჭიათურიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი