ახალი ამბებირეკლამა

კლინიკა BIRTH-ის მიმართვა რეპროდუქტოლოგიის აკრძალვასთან დაკავშირებით

15 ივნისი, 2023 •
კლინიკა BIRTH-ის მიმართვა რეპროდუქტოლოგიის აკრძალვასთან დაკავშირებით

ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეპროდუქტოლოგიურ სფეროში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის აკრძალვები დააანონსა, რის შემდეგაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 2024 წლის პირველი იანვრიდან არა მხოლოდ სუროგაციის, არამედ ინ-ვიტრო განაყოფიერების აკრძალვაზეც განაცხადა. აღნიშნული ცვლილების საჭიროებად დასახელებული იყო ამ პროცედურების რეგულირების არარსებობა და, შედეგად, „ბავშვთა შესაძლო ტრეფიკინგის“ და არატრადიციულ ოჯახებში მოხვედრის შემთხვევები.

სწორედ ამასთან დაკავშირებით მსურს საქართველოს მოსახლეობას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვაცნობო შემდეგი:

სუროგაცია, რომლითაც დღეს ადამიანებს აშინებენ, ცალკე არ არსებობს. ეს არის უნაყოფობის მკურნალობის ერთ-ერთი სახეობა ინ-ვიტრო განაყოფიერებასთან, დონაციასთან, ინსემინაციასთან ერთად. ამ ყოველივეს ეწოდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (ART). ეს მეთოდები მსოფლიოში 60 წელზე მეტია გამოიყენება და მილიონობით ადამიანი გააბედნიერა. რაც უფრო ცივილიზებულია ქვეყანა, მით უფრო ფართოდაა გავრცელებული ART მეთოდების გამოყენება. მას თითქმის შეუზღუდავად იყენებს მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყანა – აშშ (მხოლოდ ზოგიერთ შტატში არის გარკვეული შეზღუდვები). ამასთან, რაც უფრო ტოტალიტარულია ქვეყანა, მით მეტ აკრძალვებს აწესებს. მაგალითად, სამი თვის წინ უცხოელებისთვის სუროგაცია აკრძალა რუსეთის ფედერაციამ. ტოტალიტარული ქვეყნების ხელმძღვანელობას ავიწყდება, რომ სრული აკრძალვა ყოველთვის უკუეფექტს იწვევს და სახელმწიფო კონტროლიდან ჩრდილოვან პროცედურებში გადადის. მაგ, აიკრძალა აბორტები, მაგრამ ფარულად ყოველგვარი სტანდარტების დაცვის გარეშე ხორციელდებოდა ხან კლინიკებში, ხანაც სახლებში. ამ ყოველივე მოგება მოაქვს გარკვეული პირებისთვის, კრიმინალური დაჯგუფებებისთვის და მათი შემოსავლები არც აღირიცხება და არც იბეგრება გადასახადებით და ყველაზე მნიშვნელოვანი – პაციენტებს აგდებს საფრთხის ქვეშ.

რა მდგომარეობაა საქართველოში დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან (ART) დაკავშრებით?

დღეს საქართველოში ART-ის რეგულირების სამართლებრივი ასპექტები, მათ შორის სუროგაცია, ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და რეგულირებადია მსოფლიოში. კანონმდებლობით მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ დაოჯახებული ან ქორწინებაში არმყოფი წყვილისთვის, რომლებიც დაადასტურებენ, რომ სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში თანაცხოვრებას ეწევიან. როგორც იცით, საქართველოში მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი ითვლება ოჯახად, შესაბამისად ნათლად არის მითითებული, თუ რომელი დოკუმენტები შეიძლება გახდეს მტკიცებულება რომ პოტენციური მშობლები ნამდვილად ოჯახს წარმოადგენენ. თუ არსებობს არატრადიციული ოჯახებისთვის სუროგაციული მომსახურების მიწოდების ფაქტები, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ და დაამტკიცონ, რომ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას.

ამასთანავე, საქართველოში სუროგაციის პროცესზე ოთხმაგი სამართლებრივი კონტროლი ხორციელდება. პირველ დონეზე, კომპანიის იურისტები ყველა დოკუმენტს, რომელიც ხშირად 100 გვერდიანია ძალიან ფრთხილად ამოწმებენ, რადგან შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს კლინიკის საქმიანობის ნებართვის გაუქმება. მეორე დონეზე – ნოტარიუსები ზედმიწევნით ამოწმებენ ყველა წარდგენილ საბუთს და თუ კანონთან შეუსაბამოა, პოტენციურ მშობლებსა და სუროგატ დედას შორის ხელშეკრულებას არ დაადასტურებენ. მესამე – იუსტიციის სამინისტრო ბავშვის დაბადების მოწმობის გაცემისას ამოწმებს სანოტარო ხელშეკრულებას, სამედიცინო პროცედურების ცნობას (ივსება სუროგატი დედის საშვილოსნოში ემბრიონის გადატანის პროცედურისას), სამშობიაროდან წარდგენილ დოკუმენტებს და ა.შ. მეოთხე – ბავშვის ქვეყნიდან გაყვანისთვის აუცილებელია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გაიცეს დოკუმენტი ან პასპორტი. ამდენად მიმართვისთანავე სახელმწიფო, სადაც ბავშვი უნდა გაემგზავროს, ფლობს ინფორმაციას ბავშვის დაბადების შესახებ და აჰყავს თავისი კონტროლის ქვეშ. რაც გამორიცხავს ტრეფიკინგის არსებობას.

რა თქმა უნდა, შეიძლება იყვნენ არაკეთილსინდისიერი მოხელეები სხავდასხვა ორგანოებში, მაგრამ ეს არ არის საფუძველი სრული აკრძალვისთვის.

რა ხდება სამედიცინო რეგულაციების კუთხით?

ამ მიმართულებით მართალია არსებობს გამოწვევები: ასაკობრივი შეზღუდვები პაციენტებისთვის, კვერცხუჯრედის დონორებისთვის და სუროგატი დედებისთვის, დონორთა ეროვნული რეესტრი, დონორებისა და სუროგატების კრიტერიუმები, პროცედურების პირობების კონტროლი, პაციენტების, დონორებისა და სუროგატების უსაფრთხოება და მრავალი სხვა. ბუნებრივია, სამუშაოა სამედიცინო მიმართულებით რეგულაციის გაუმჯობესებაზე, რასაც მივესალმებით. ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ კუთხით დიდი ხანია მუშაობს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მონაწილეობენ რეპროდუქციის დარგის ისეთი ავტორიტეტები, როგორებიც არიან ქ-ნი ლიკა ჭყონია და ბ-ნი არჩილ ხომასურიძე. შესაბამისად, უფრო მიზანშეწონილი იქნება არა აკრძალვა, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობა რეპროდუქტოლოგთა ასოციაციასთან ერთად და პრაქტიკაში ART-ის სამედიცინო რეგულაციების დანერგვა, რაც მთლიანად აღმოფხვრის მის ბოროტად გამოყენებას.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ART პროცედურების აკრძალვის შედეგი

რეპროდუქციული სამედიცინო ტურიზმიდან შემოსულ ეკონომიკურ ფაქტორზე არ ვისაუბრებ, ისედაც ნათელია, რომ საქართველო დაკარგავს მნიშვნელოვანი თანხების შემოდინებას, რომელიც მოიცავს, როგორც სამედიცინო, ასევე ადგილობრივი ბიზნესების შემოსავალს ტურისტულ ინდუსტრიაში. თუმცა ეს არ არის მთავარი. უცხოელი პაციენტების არარსებობით, ადგილობრივი პაციენტებისთვის უშვილობის მკურნალობის პროცედურებზე ფასები გაიზრდება, ვინაიდან რეპროდუქციული პროცედურები მაღალტექნოლოგიური პროცესია და მნიშვნელოვან ხარჯებს მოითხოვს. დღეს ადგილობრივი პაციენტებისთვის მკურნალობის ღირებულება 30-40%-ით დაბალია, ვიდრე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამგვარად, ისინი ადგილობრივი პაციენტების ხარჯების სუბსიდირებას ახდენენ. თუ კლინიკებში უცხოელების მიღება არ მოხდება, მაშინ ან კლინიკები დაიხურება და ბევრი მაღალკვალიფიციური მედპერსონალიც დარჩება ქუჩაში, ან კლინიკებს მოუწევთ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფასების გაზრდა. აღნიშნული კი ბევრ წყვილს მოუსპობს შესაძლებლობას ჰყავდეს შვილი.

ჩნდება შემდეგი კითხვები:

– რატომ არის საქართველოში ნებადართული სტომატოლოგიური მკურნალობა და რეპროდუქტოლოგიური დაუშვებელია?

– რატომ უჭერს მხარს საქართველოს მთავრობა სამედიცინო ტურიზმის განვითარებას, მაგრამ არა რეპროდუქციის სფეროში?

– სად წავლენ ქართველი სუროგატი დედობის მსურველი პირები თუ საქართველოში მათ არ ექნებათ პროგრამაში შესაძლებლობა და ღირსეული ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა? ხომ არ ვუბიძგებთ მათ გაემგზავრონ უცხო ქვეყანაში, რაც ტრეფიკინგის საფრთხის შემცველია?

სხვათა შორის, სწორედ სტომატოლოგიის და გინეკოლოგიის მიმართულებით არიან დაინტერესებული ყველაზე მეტი პაციენტები საზღვარგარეთიდან. მე არ მსმენია (შეიძლება გამომრჩა), რომ საქართველოში კარდიოლოგიური, ონკოლოგიური ან გასტროენტეროლოგიური პაციენტების სამკურნალოდ ჩამოდიოდნენ.

ამრიგად, შევეცადე ჩამომეთვალა მხოლოდ რამდენიმე უკუშედეგი, რაც საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეპროდუქციული პროცედურების აკრძალვამ შეიძლება გამოიწვიოს. არსებობს გაცილებით მეტი არაპირდაპირი ზეგავლენა, რაც ისევ ადგილობრივ მოსახლებას შეუქმნის პრობლემებს. ამიტომაც მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს.

თქვენს მიერ გატარებული პოლიტიკა არის ძალიან საპასუხისმგებლო, ღია, დაბალანსებული და მიმართულია საქართველოს განვითარებასა და კეთილდღეობაზე, რაც ქვეყანას ძალიან მიმზიდველს ხდის ინვესტიციებისთვის. საქართველოს იმიჯი, მათ შორის სამედიცინო მომსახურების ხარისხის კუთხით, საკმაოდ მაღალია რამაც მე, ისრაელის მოქალაქეს (დაბადებულს ბათუმში) მომცა შესაძლებლობა ბათუმში, საქართველოში გამეხსნა ებრაულ-ქართული კლინიკა; კონსულტაციისთვის მომეწვია მსოფლიო დონის სპეციალისტები ისრაელიდან; მიგვეღო მაღალი ხარისხის შედეგები და ძალიან ბევრი ადგილობრივი ოჯახი გაგვებედნიერებინა შვილოსნობით.

გთხოვთ, ნუ მიუდგებით რადიკალურად, კიდევ ერთხელ გაიარეთ კონსულტაცია ჩვენი დარგის ექსპერტებთან. აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ ინფორმირებული და სწორი გადაწყვეტილება. აკრძალვებს არასდროს არაფერი კარგი არ მოჰყოლია.

პატივისცემით,

ლევ ადიროვიჩი

ისრაელი-საქართველოს რეპროდუქციული კლინიკა BIRTH-ის დამფუძნებელი და დირექტორი

15 ივნისი, 2023

მასალების გადაბეჭდვის წესი