ახალი ამბები

„ჩართული ვართ ამ ყველაფერში“ — იოსელიანი გაფიცულ მაღაროელებთან ჩავიდა

15 ივნისი, 2023 •
„ჩართული ვართ ამ ყველაფერში“ — იოსელიანი გაფიცულ მაღაროელებთან ჩავიდა

დღეს, 15 ივნისს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი  ჭიათურაში ჩავიდა და აქციის მონაწილე მაღაროელებს შეხვდა, რომლებიც „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ღირსეულ შრომის პირობებს ითხოვენ.

იოსელიანის თქმით, მისი წარმომადგენლები ორი დღეა, ჭიათურაში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროტესტი ომბუდსმენისთვის დიდი მნიშვნელობისაა, რადგანაც ეს ადამიანის ძირითად, შრომის უფლებას უკავშირდება:

„მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია, ჩართული ვართ ამ ყველაფერში. ჩვენ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში გავაგრძელებთ მცდელობას, რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ და ამის მოლოდინიც აქვთ მათ. რაც დავინახეთ, ეს ხალხი არაა განწყობილი რადიკალურად, მზად არიან წავიდნენ დათმობებზე, მაგრამ ამავე დროს, მეორე მხარესაც მოუწოდებენ, დათმონ და ამათი მოთხოვნებიც იყოს გაზიარებული. ვიცი, რომ დანიშნულია სახელმწიფოს მიერ მედიატორი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე.

ჩვენ ჩართულები ვართ შრომის ინსპექციის მონიტორინგის მიმართულებით და მათგან ვიღებთ ინფორმაციას მათი შრომითი უფლებებისა და მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველი ამ პირობებში ცდილობს, პოზიციები, ერთი მხრივ, იყოს დაახლოებული და მეორე მხრივ, მათი შრომის პირობები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც არის დადგენილი შესაბამისი კანონმდებლობით“ ,— განაცხადა სახალხო დამცველმა.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანქანეზის“ მაღაროებში დასაქმებულები უკვე მეცხრე დღეა საპროტესტო რეჟიმში არიან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ამასთან, მაღაროელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. დღეს მე-3 დღეა, რაც 10 მაღაროელი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს ჭიათურის მერიასთან დადგმულ კარავში.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟი ჭიათურიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი