საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტუაციასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ სხვა გამოსავლის მოძებნას, მაგალითად, ელექტრონული სამაჯურით გათავისუფლებას ემხრობა, ნიკა გვარამიას შეწყალებაზე კი გადაწყვეტილება არ მიუღია.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა Українська правда-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ხალხისადმი ანგარიშვალდებულება არის ის, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებს.
„მე, როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, როგორია ქართველი ხალხის განწყობა. ქართველმა ხალხმა ცხრა წელი იცხოვრა სააკაშვილის რეჟიმში, რომელმაც მრავალი მსხვერპლი დატოვა. ეს არის საკითხი, რომელმაც გამოიწვია და კვლავ აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის პოლარიზაციას. ისე არ არის, თითქოს საქართველოს მოსახლეობა მას უდანაშაულოდ თვლიდეს. შესაძლოა, ისინი არ დაეთანხმონ ფაქტს, რომ მას შესაძლოა, არ ექცეოდნენ ისე, როგორც პრეზიდენტს.
ქართველები ძალიან ჰუმანურები და ტოლერანტები არიან. მოსახლეობის განცდაა, რომ მან პასუხი უნდა აგოს გარკვეული დანაშაულებისთვის, რაც მისი რეჟიმის დროს იყო ჩადენილი. ეს არის ზოგადად გრძნობა. მაგრამ ამავე დროს არის განცდა, რომ მას წესიერად უნდა მოეპყრან და გამოსავალი უნდა მოიძებნოს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა არ ყოფილა, შეწყალება კი მორალური საკითხია.
კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირადად სთხოვა თუ არა სააკაშვილის შეწყალება, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ბევრმა ვინმემ სთხოვა“.
„მაგრამ მე ავუხსენი მათ, რომ შეწყალება არ არის გამოსავალი საქართველოს მოსახლეობის გამო. არის სხვა გზები და თუ ზეწოლაა, ზეწოლა უნდა მიემართოს იქითკენ, სადაც პასუხისმგებლობაა და სადაც არის ძალა, რომ რაღაც შეიცვალოს. მაგალითად, მე აღვნიშნე ელექტრონული სამაჯური.
ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, იპოვოს გზები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმას, რაც გარე სამყაროში ხდება. ბევრი ქვეყნის პრეზიდენტია გასამართლებული, მაგრამ არის საკითხის მოგვარების გზებიც, რომლებიც მიღებულია, და ჩვენ უფრო მეტად უნდა ვიყოთ შესაბამისობაში… მე ვმუშაობდი დიპლომატიურ საზოგადოებასთან და ჩემს კონტაქტებთან ევროპაში და ვცდილობ, ვიმუშაო ხელისუფლებასთან, რათა ვიპოვო გამოსავალი, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ყოფილ პრეზიდენტს. სამწუხაროდ, ამ დრომდე ხელისუფლებას რეაგირება არ მოუხდენია. მათ შეიძლება განსხვავებულად უპასუხონ ექსტრადიციის მოთხოვნას, მაგრამ მათ უნდა უპასუხონ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სულ სხვა სიტუაციაა, ზურაბიშვილის შეფასებით, „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.
„ერთი საკითხი, რომელიც მსგავსია, არის ის, რომ პრეზიდენტი ზეწოლის ქვეშ ვერ შეიწყალებს, რადგან მერე შეიძლება ზეწოლა შიგნიდან. საქართველოში 3 000 პატიმარია. ნებისმიერის ოჯახმა, მეგობრებმა ან გავლენის ჯგუფმა შეიძლება, დაიწყოს ზეწოლა. ასე რომ, ეს არის ჩემი გადასაწყვეტი. ვგრძნობ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ. მე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვიმოქმედებ, როცა გადავწყვეტ, შევიწყალო თუ არა.
მაგრამ რაც ნაკლებია ზეწოლა გარედან, მით უკეთესია შეწყალება. ხელისუფლებაზე ზეწოლა და პასუხის მოთხოვნა — ეს სხვა საკითხია. მაგრამ შეწყალება, დისკრეციული უფლებამოსილება, არ შეიძლება, ზეწოლის საგანი გახდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, ჟურნალისტების დევნა რეალური საფრთხეა ქართული დემოკრატიისთვის, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ბევრი საფრთხეა ქართული დემოკრატიისთვის.
„რა თქმა უნდა, მე ვარ გამოხატვის თავისუფლების მომხრე. მე თვითონ გავხდი ამ ჟურნალისტის ძალიან ზღვარგადასული სიტყვების სამიზნე, რომელიც არ იყო მხოლოდ ჟურნალისტი: ის სხვადასხვა დროს იყო პროკურორიც და არა პროკურორი, რომელიც რეალურ სამართალს ახორციელებდა. მაგრამ ადამიანები არ არიან პასუხისმგებელნი სხვა საკითხებზე, გარდა იმისა, რისთვისაც ასამართლებენ და, ვფიქრობ, გამოხატვის თავისუფლება, ალბათ, ერთადერთი უფლებაა, რომელიც ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.