ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ვიზიტით მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ქართველი აქტივისტები საპროტესტო აქციითა და შეძახილებით დახვდნენ. მოხდა ინციდენტიც, რომელშიც ადგილობრივი პოლიცია ჩაერია და ერთი აქტივისტი დააკავა.
პროტესტის ორგანიზატორი იყო ბრიუსელში მოქმედი ორგანიზაცია Promote Georgia, რომელშიც იქ მყოფი ქართველები ერთიანდებიან.
ორგანიზაციის წევრი კრისტინა პიტალსკაია “ნეტგაზეთს” უყვება, რომ თავდაპირველად, ღარიბაშვილის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ევროკომისიის ოფისთან იყვნენ შეკრებილნი.
შეკრების მონაწილეებს ხელში ეჭირათ სხვადასხვა შინაარსის პლაკატები, მათ შორის- “რუსი ირაკლი” და “მოღალატე ირაკლი”. მათ ასევე თან ჰქონდათ დიდი ზომის ფურცლებზე ამობეჭდილი ციტატები პრემიერ-მინისტრის განცხადებებიდან უკრაინაში ომზე, ქართულ ოპოზიციაზე, ბიძინა ივანიშვილსა თუ ევროპარლამენტზე.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეები ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმისკენ წავიდნენ, სადაც ბელგიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით საზეიმო მიღება იმართებოდა. ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა.
პრემიერ-მინისტრი და ღონისძიების სხვა მონაწილეები უკვე შენობას ტოვებდნენ, როცა იქ აქციის მონაწილეები მივიდნენ. ღარიბაშვილის დანახვისას მათ საპროტესტო შეძახილების სკანდირება დაიწყეს, რომელთა შორისაც იყო “მონა!” და “რუსო!”
“საქართველო ევროპაა!” — ისმის ვიდეოში შეძახილი.
კრისტინა პიტალსკაიას თანახმად, ღარიბაშვილის გამოჩენამდე, დემონსტრაციის მონაწილე აქტივისტი ემზო კვარაცხელია სასახლის კიბეზე ავიდა, სადაც ღარიბაშვილის დაცვა იდგა. მისი თქმით, სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი.
“წითელი ხალიჩა იყო კიბეზე. კიბის ქვემოთ იდგა ბელგიის პოლიცია და ზემოთ — ღარიბაშვილის დაცვა. ემზო უბრალოდ ავიდა თავისი ტელეფონით, სელფის კამერა ჰქონდა ჩართული და იკითხა, შემიშვებთ თუ არ შემიშვებთო. იმათ [ღარიბაშვილის დაცვამ] უპასუხეს, რა თქმა უნდა, არ შეგიშვებთო.
ემზომ თქვა, მაშინ აქ ჩამოვჯდებიო. ჩამოჯდომა სცადა და მაშინ სტაცა დაცვის წევრმა ხელი. ჩამოთრევას ცდილობდნენ, მეორემ ტელეფონი წაართვა… მაშინ ავვარდი კიბეზე და ყვირილი რომ დავიწყე, ტელეფონი მაშინვე მომცეს”, — ყვება პიტალსკაია.
მისივე გადმოცემით, როცა დაცვასა და კვარაცხელიას შორის ფიზიკური კონფლიქტი გამწვავდა, ინციდენტში ბელგიის პოლიცია ჩაერია. აქტივისტი ქვემოთ ჩაიყვანეს.
“პოლიციას ჰყავს ამის შემდეგ ემზო. რა თქმა უნდა, გამოუშვებენ”, — აღნიშნავს პიტალსკაია და დასძენს, რომ კვარაცხელიას “არაფერი დაურღვევია”.
ემზო კვარაცხელია რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მან დაკავებამდე გადაღებული ვიდეოებიც გამოაქვეყნა, სადაც დაპირისპირების მომენტი ჩანს.
“3 საათით დამაკავეს, იმიტომ რომ ამ მონებს თავისი ადგილი მივუჩინე”, — დასძენს ის.
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ახლა საქართველოს სისტემური რეფორმები სჭირდება ისე, როგორც არასდროს. ვარჰეის თქმით, ღარიბაშვილს 12 რეკომენდაციის შესრულების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ვარჰეის აუწყა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების “დადებითი დინამიკის” შესახებ. მიშელთან შეხვედრის შემდეგ კი ღარიბაშვილმა დაწერა, რომ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს სწრაფვაზე ევროკავშირისკენ, რომელიც “არასოდეს ყოფილა ისეთი მტკიცე, როგორიც ახლაა”.








