ახალი ამბები

ბოჭორიშვილი სტატუსის მისაღებ „უხილავ წინაპირობებზე“ საუბრობს

13 ივნისი, 2023 • 1368
ბოჭორიშვილი სტატუსის მისაღებ „უხილავ წინაპირობებზე“ საუბრობს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „გასულ კვირას ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ არის სერიოზული მცდელობა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვა მოხდეს არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის შეფასების საფუძველზე, არამედ უხილავი წინაპირობების მიხედვით, რომლის განსაზღვრაც და შესრულებაც რთულია ხელისუფლებისთვის“.

„ამავდროულად, ასეთი წინაპირობების ინტერპრეტაცია მარტივია ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, არ დაუშვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, — განაცხადა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, რთულია, ბრიუსელმა უგულებელყოს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა 12-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად. ამავდროულად, ოპოზიციის დიდი ნაწილი, ბოჭორიშვილის მტკიცებით, ევროკავშირში ინტეგრაციას ქვეყნის სტრატეგიული მიზნის ნაცვლად ხელისუფლებისთვის ბრძოლის იარაღად აქცევს.

„ასევე, რთულია არ შეამჩნიო ის გამალებული კამპანია, რაც მიმართულია საქართველოს ისტორიული, სტრატეგიული არჩევანის — ევროატლანტიკური ოჯახის — საკითხზე უსაფუძვლო კითხვის ნიშნების გასაჩენად“, — თქვა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ოპოზიციის როლის შესახებ კანდიდატის სტატუსის მიღებაში:

„ხშირად გვესმის ფრაზა, რომ ევროკავშირმა ევროპული პერსპექტივა მოგვანიჭა და ახლა ბურთი საქართველოს მხარესაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ფეხბურთის თამაში არ მგონია და არც იმას ვფიქრობ, რომ მოედნის ერთი ნახევრიდან მეორეზე ბურთის გორაობის დრო და ფუფუნება გვაქვს, მაინც მოგმართავთ კოლეგებს ოპოზიციიდან — თამაშს მხოლოდ კარგი გუნდი იგებს. მხოლოდ თავდამსხმელი ვერაფერს იზამს თუნდაც 12 გოლის გატანით, თუ მცველი თავის საქმეს არ გააკეთებს ან მეკარე მეტ ბურთს გაუშვებს. თუ თქვენ საქართველოს მხარეს არ ითამაშებთ, ამ მატჩის მოგება ჩვენი ქვეყნისთვის რთული იქნება“.

ბოჭორიშვილმა მიმართა კრიტიკულ მედიასაც და თქვა, რომ მათი ხმა კარგად ისმის ბრიუსელში.

„ამ ფონზე მედიის თავისუფლების კრიტიკა იმავე ადამიანებისგან, რომლებიც ქართული ე.წ. კრიტიკული ტელეარხების სათაურებით გვესაუბრებიან, რთული გასაგები ხდება. ოპოზიციონერო ჟურნალისტებო, ვიდრე ქართულ საპარლამენტო დელეგაციას რუსეთის დუმის დელეგაციას შეადარებთ და ზედსართავ „რუსულს“ ხშირ-ხშირად გამოიყენებთ საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ თქვენი მფლობელების დავალებით, დაფიქრდით, ხომ არ გიყენებენ თქვენივე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ?“ — თქვა მან.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა „ბრიუსელში ხშირად მოსიარულე“ სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთ წარმომადგენელსაც:

„გაუგებარია, რა გსურთ, როდესაც ბრიუსელში ითხოვთ, ხალხს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და არა — ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ეს არის ყალბი ვაილობიზმი. მსგავსი რამ არ არსებობს ისევე, როგორც ხელისუფლების გარეშე არ არსებობს სახელმწიფო. მაშინ, როცა სამოქალაქო საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ლობირებს, „ქართული ოცნების“ პირობებში არ მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, მიჩნდება კითხვა, რა ნაწილის დაკვეთით ითხოვენ ასეთ აბსურდს?“

პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან“ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ ივლისში დაანონსებულია ლგბტ პრაიდი „ზუსტად ამერიკის დამოუკიდებლობის აღნიშვნის პერიოდში და ალბათ, მათი მფარველობის იმედად“.

„მივმართავ უცხოელ პარტნიორებს, თქვენ საქართველოში, მართალია, საპატიო დიპლომატიური მისიით ბრძანდებით და გიდასტურებთ პატივისცემას, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრები ხართ. მიუხედავად თქვენი აუცილებელი და საჭირო სტუმრობისა, სტუმრები ვერ შეცვლიან საქართველოში მასპინძლის ადათ-წესებს. იმედს ვიტოვებ, რომ ლგბტ თემას ევროკავშირის სტატუსის მინიჭების პროცესში შანტაჟის კიდევ ერთ იარაღად არ გამოიყენებთ და თუ მაინც შეეცდებით, საზოგადოებისგან პასუხი იქნება შესაბამისი“, — თქვა ხუნდაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ბოჭორიშვილმა და ხუნდაძემ დღევანდელ სხდომაზე გაახმიანეს ის ორი პროპაგანდისტული გზავნილი, რომლითაც ხელისუფლება აპირებს მოქალაქეების მოტყუებას სტატუსის ვერ მიღების მიზეზებთან დაკავშირებით.

„ერთი დიდი ტყუილი, რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი ბოჭორიშვილის პირიდან, ისაა, თითქოს ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია და სხვები აბრკოლებენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს. რეალობა არის ის, რაც გითხრეს ბრიუსელში — თუ გსურთ დაინახოთ მიზეზი, სარკე ახლოს მიიტანეთ სახესთან. „ქართული ოცნების“ ქვედანაყოფის მიერ განვითარებული მეორე პროპაგანდისტული ხაზია, თითქოს სტატუსზე თუ უარს გვეტყვიან, ეს მოხდება იმიტომ, რომ ვიღაც გვთხოვს ქართულ ტრადიციებთან დაპირისპირებული ღირებულებების მიღებას. როგორც ერთი, ასევე მეორე არის მტკნარი ტყუილი“, — განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ევროკავშირი საქართველოს სთხოვს მურუსიძის კლანის დაშლას და დეოლიგარქიზაციას, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში შეუძლებელია.


ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ გარდა ევროკომისიის 12 კრიტერიუმისა, საქართველოს შეაფასებენ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეესაბამება მისი პოზიციები ევროკავშირის საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკას.

ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) შესაბამისობა ყოველთვის მოეთხოვებოდა გაწევრიანების გზაზე მდგარ ქვეყნებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსურ სისტემაზე დაფუძნებულ კავშირში ამის საჭიროება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა ომმა ევროპაში და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების აუცილებლობამ.

რაც შეეხება ლგბტ თემის საკითხს, ევროკავშირს არაერთხელ უთქვამს, რომ საქართველოსგან ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს, — რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი