ახალი ამბები

EU სიტყვის თავისუფლების დასაცავად SLAPP-ის საწინააღმდეგო კანონმდებლობას იღებს

9 ივნისი, 2023 • 1323
EU სიტყვის თავისუფლების დასაცავად SLAPP-ის საწინააღმდეგო კანონმდებლობას იღებს

სიტყვის თავისუფლების დასაცავად ევროკავშირი SLAPP-ის საწინააღმდეგო კანონმდებლობას იღებს.

SLAPP (სტრატეგიული სამართალწარმოება საზოგადოების ჩართულობის საწინააღმდეგოდ) დავებს უწოდებენ გავლენიანი პირების, ლობისტური ჯგუფების, კორპორაციების მიერ ცილისწამების მოტივით შეტანილ სარჩელებს, რომელთა რეალური მიზანია არა პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის დაცვა, არამედ აქტიური მოქალაქეების (ძირითადად, მედიის და უფლებადამცველების) გაჩუმება და მათთვის ფინანსური ბარიერების შექმნა. ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ SLAPP დავა არის მზარდი ფენომენი, რათა გააჩუმოს ხალხი, ვინც ხმამაღლა საუბრობს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე.

ევროკავშირის თანახმად, წევრმა ქვეყნებმა შეიმუშავეს საერთო პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დაიცავს ჟურნალისტებს და უფლებადამცველებს აშკარად უსაფუძვლო სამართალწარმოებისგან ან შეურაცხმყოფელი სასამართლო პროცესისგან. ევროკავშირის დირექტივის პროექტი ითვალისწინებს პროცედურულ გარანტიებს იმ პირთათვის, ვისაც ე.წ. SLAPP საქმით უჩივიან:

  • სასამართლოს შეუძლია, პროცესის ხარჯების უზრუნველყოფა დააკისროს იმ პირს ან კომპანიას, რომელმაც დაიწყო SLAPP საქმე;
  • მოსამართლემ შეიძლება, განხილვის შედეგად, სასამართლო პროცესის ადრეულ ეტაპზე შეწყვიტოს სარჩელის განხილვა. ადრეული გაუქმების პროცედურის შემთხვევაში,  მოსარჩელემ უნდა აჩვენოს, რომ სარჩელი აშკარად უსაფუძვლო არ არის;
  • იმის გამო, რომ SLAPP-ის საქმეები ხშირად მიზნად ისახავს ჟურნალისტის ფინანსურად დათრგუნვას, სასამართლოს შეუძლია, SLAPP-ის მსხვერპლის იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯებიც მოსარჩელეს დააკისროს;
  • შეურაცხმყოფელი სასამართლო წარმოების შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია ჯარიმის ან სხვა შესაბამისი ზომების დაწესება იმ მხარის მიმართ, ვინც სამართალწარმოებას აწარმოებს.

თუ ევროკავშირში მცხოვრები პირი არის მესამე ქვეყანაში SLAPP-ის საქმის სამიზნე, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ამ მესამე ქვეყნის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებაზე, თუ ის უსაფუძვლოდ ჩაითვლება წევრ სახელმწიფოში.

„გამოხატვის თავისუფლება და თავისუფალი მედია გადამწყვეტია ჩვენი ევროპული დემოკრატიების და ჩვენი თავისუფალი და ღია საზოგადოებების ფუნქციონირებისთვის. ახლა, როდესაც ჩვენ მივაღწიეთ ზოგად მიდგომას, ჩვენ მივდივართ ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და სხვა ადამიანების უფრო ძლიერი დაცვისკენ“, — განაცხადა შვედეთის იუსტიციის მინისტრმა გუნარ სტრომერმა.

საერთო პოზიციის შესახებ დღევანდელი შეთანხმება საშუალებას მისცემს საბჭოს, დაიწყოს დისკუსია ევროპარლამენტთან საბოლოო კანონის გადასაწყვეტად.

SLAPP-ების ზრდა დაფიქსირდა უამრავ ანგარიშში, რომელიც განიხილავს კანონის უზენაესობის განვითარებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

საქართველოში SLAPP საქმეების შესახებ კი ანგარიში მოამზადა „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“. GDI-ის დაკვირვებით, 2021-2023 წლებში საქართველოში დაიწყო და მნიშვნელოვნად გაიზარდა კრიტიკული მედიისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ ე.წ. SLAPP სარჩელებით სასამართლოსთვის მიმართვის ტენდენცია.

რომელ ტენდერს უკავშირდება განცხადება, რომლის გამოც კალაძემ ჟურნალისტს უჩივლა

მასალების გადაბეჭდვის წესი