ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევის რეჟიმის კრიტიკის გამო აქტივისტი ფსიქიატრიულში მოათავსეს – პარტია

8 ივნისი, 2023 • 835
ალიევის რეჟიმის კრიტიკის გამო აქტივისტი ფსიქიატრიულში მოათავსეს – პარტია

აზერბაიჯანის დემოკრატიისა და კეთილდღეობის პარტიის ცნობით, მათი აქტივისტი ზიაფეთ აბბასოვა, რომელიც აზერბაიჯანის ხელისუფლებას სოციალურ ქსელებში მწვავედ აკრიტიკებდა, 6 ივნისს ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში მოათავსეს, თუმცა, როგორც მისმა თანაპარტიელებმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში დაწერეს, დიდი პროტესტის შედეგად, დღეს, 8 ივნისს გაათავისუფლეს.

“მით უმეტეს, ის ფსიქიკურად სრულიად ჯანმრთელია,  მხოლოდ გენეტიკური დაავადება, ჰემოფილია აქვს და იმის გამო, რომ საავადმყოფომ უარი უთხრა მკურნალობაზე, მან რამდენჯერმე ერთკაციანი საპროტესტო აქცია მოაწყო. უკანასკნელ დროს სოციალურ თავშესაფარში ცხოვრობდა “, – გამოცემა კავკაზსკი უზელის ცნობით, აცხადებს პარტიის წარმომადგენელი ადალათ იუსიბოვი.

ამასთან, როგორც მისი თანაპარტიელები ამბობენ, ძალოვნები მას იძულებითი მკურნალობით ემუქრებოდნენ.

აბბასოვა სოციალურ ქსელებში ღიად აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას და პარტიის წარმომადგენლის ცნობით, პოლიციამ გააფრთხილა, თუ არ შეწყვეტდა კრიტიკას და მედიით ინტერვიუებს, “საგიჟეთში გამოკეტავდნენ”.

“ოპოზიციონერი ქალის ფსიქიატრიულში მოთავსება საბჭოთა ტოტალიტარული აზროვნების გამოვლინებაა, აზერბაიჯანის ხელისუფლება დროდადრო იყენებს ამ პრაქტიკას. სამი წლის წინ ფსიქიატრიულში გამოკეტეს ოპოზიციონერი აგილ გუმბათოვი, რომელიც ასევე მწვავედ აკრიტიკებდა ხელისუფლებას სოციალური ქსელებით. საბოლოდ კი, წარმოუდგენელი ბრალდებით ციხეში გამოკეტეს. ჩვენ ის პოლიტპატიმრად ვაღიარეთ”, – ამბობს აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა მონიტორინგის ცენტრის ხელმძვანელი ელშან ჰასანოვი.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, აზერბაიჯანის ხელისუფლება რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი