ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი აქტივისტის ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად კლინტონთან ფოტო ამოიღეს

7 ივნისი, 2023 • 2518
აზერბაიჯანელი აქტივისტის ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად კლინტონთან ფოტო ამოიღეს

6 ივნისს ბაქოში აზერბაიჯანელი აქტივისტის ბახტიარ გაჯიევის, მისი მშობლებისა და ძმის ბინების ჩხრეკისას პოლიციამ ერთ-ერთ ნივთმტკიცებად გაჯიევის ფოტო ამოიღო, სადაც 2012 წელს აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან, ჰილარი კლინტონთან არის გადაღებული. ინფორმაციას კავკაზკი უზელი აქტივისტის ადვოკატისა და გაჯიევის ძმის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადვოკატის ვარაუდით, ჩხრეკის მიზანი, შესაძლოა, მისთვის ახალი ბრალდებების წაყენებას ემსახურებოდეს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავებული, სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი ბახტიარ გაჯიევი 7 თვის წინ ხულიგნობისა და სასამართლოსადმი დაუმორჩლებლობის ბრალდებებით დააკავეს და 3 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო პატიმრობაზე მისი საჩივარი.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ ახალი ნივთმტკიცებები ხელისუფლებას მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებებისა და, შესაბამისად, პატიმრობის ვადის გასაგრძელებლად სჭირდება.

გაჯიევი, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე ალიევის რეჟიმს აკრიტიკებდა, პირველად 2011 წელს დააკავეს ჯარში მსახურებისგან თავის არიდების ბრალდებით. მაშინ მისმა ჰარვარდელმა თანაკურსელებმა მიმართეს ჰილარი კლინტონს, დახმარება გაეწია მისი გათავისუფლების საქმეში. 2012 წელს, ჰილარი კლონტონის ვიზიტის დროს ბაქოში, აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ გაჯიევის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული ფოტო კი, რომელიც გამოძიებამ 2023 წლის 6 ივნისს ნივთმტკიცებად ამოიღო, სწორედ გაჯიევის გათავისუფლების შემდეგ ბაქოში გადაიღეს.

როგორ გააქრო ალიევის რეჟიმმა კრიტიკული მედია და ორგანიზაციები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი