იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება.
მისი თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე წარუდგინეს.
რატი ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ადამიანი, რომელიც ვერ გაივლის ტესტირებას (ქართული, ისტორია, სამართალი), ერთი წლის განმავლობაში მოკლებულია შესაძლებლობას, განმეორებით მიმართოს სახელმწიფოს მოქალაქეობის მისანიჭებლად.
მისი თქმით, წარმოდგენილი ცვლილებით კი, წარუმატებლობის შემთხვევაში უფლება ექნება, შეუზღუდავად სცადოს წარმატების მიღწევა და დადებითი შედეგის დადგომისას სახელმწიფო დაიწყებს შესაბამის პროცედურას.
„შედეგი N1: ჩვენ მიერ წარდგენილი ინიციატივის შედეგად საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს მხოლოდ ის, ვისაც ეცოდინება ქართული, საქართველოს ისტორიის და ქართული სამართლის საფუძვლები და ამავდროულად პროცესი იქნება მოქალაქეობის მიღების მსურველისთვის ბევრად უფრო სამართლიანი და მოქნილი.
თუ სახელმწიფო დღეს აპლიკანტს ეტყვის უარს მოქალაქეობის მინიჭებაზე, მას ერთი წლის განმავლობაში აღარ შეუძლია ხელმეორედ მიმართვა. ცვლილებების შედეგად აღნიშნული ვადა მცირდება 6 თვემდე.
შედეგი N2: სახელმწიფო აძლევს მეტ შანსს მოქალაქეობის მსურველებს წარმატების მისაღწევად.
ცვლილება ეხება ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებსაც. დღეის მდგომარეობით ამ ადამიანებისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად დადგენილია საქართველოში ცხოვრების მინიმუმ 10 წელი, რაც მცირდება 5 წლამდე. აღნიშნული ვალდებულება საქართველომ აიღო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წინაშე.
შედეგი N3: კიდევ ერთი შესრულებული საერთაშორისო ვალდებულება და უფრო მეტად დაახლოება საერთაშორისო თანამეგობრობასთან“, – წერს სოციალურ ქსელში რატი ბრეგაძე.
რატი ბრეგაძე ფეისბუკზე წერს, რომ დაგეგმილი ცვლილებები მიმართულია “ათიათასობით თანანმემამულის” ინტერესებისკენ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შეეხება თუ არა კანონპროექტი მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან. ნეტგაზეთი ცდილობს იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებას.