„ქართული ოცნების“ მთავრობის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების პროცედურების შემსუბუქებას გეგმავს.

ამის შესახებ კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„გვქონდა საუბარი იუსტიციის მინისტრთან ერთად და ვგეგმავთ, რომ შევამსუბუქოთ პროცედურები. არიან, მაგალითად სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ეთნიკური ქართველები, რომლებსაც არ აქვთ მოქალაქეობა, არიან მათი შვილები, თავადაც უნდათ მოქალაქეობის მიღება და მათ შორის, არიან ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა არ იციან და მათთვისაც შეიძლება, რომ შემსუბუქდეს ეს პროცედურები. ამაზე გვაქვს აქტიური კონსულტაციები და შესაძლებელია გადაწყვეტილებამდე მისვლა“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, უფრო ფართო მსჯელობის საგანია ფერეიდნელი ქართველების საკითხი.

„მეზობელ თურქეთში მილიონობით ეთნიკურად ქართველია, არიან ირანში ფერეიდნელი ქართველები, სხვა ქვეყნებში არიან თავის დროზე საქართველოდან გასული ადამიანები. ეს უფრო ფართო მსჯელობის საგანია, თუმცა ამ საკითხზეც შეიძლება მსჯელობის უფრო ფართოდ გაშლაც. რაც შეეხება ქართველების დაბრუნებას საქართველოში, ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც მინდა, რომ გავიხსენო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა 40 000 ქართველი, ძირითადად რუსეთიდან, უკრაინიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. მათ არანაირი პრობლემა არ შეჰქმნიათ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.