ნოვა კახოვკას კაშხლის აფეთქების შემდეგ გამოთავისუფლებულმა წყალმა ქალაქში მდებარე ზოოპარკი დატბორა, იუწყება „ერ-ბე-კა უკრაინა“.
გამოცემის ცნობით, მომხდარის შედეგად შესაძლოა, ზოოპარკის ყველა ბინადარი დაღუპულიყო. ჟურნალისტი ანდრიი სმოლნი კი წერს, რომ სავარაუდოდ, დაიღუპა ცხოველთა ნაწილი. თუმცა ინფორმაციის გადამოწმება ამ ეტაპზე შეუძლებელია. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ზოოპარკში 260 ცხოველი ბინადრობდა.
ოკუპირებული ნოვა კახოვკას ლეგიტიმური მერის, ვოლოდიმირ კოვალენკოს თქმით, ზოოპარკი დატბორილ ობიექტთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო: „რთულია გითხრათ, რა ბედი ეწიათ ცხოველებს. რუსები თანამშრომლებს ღამით მისვლის უფლებას არ აძლევდნენ. დილით, როცა თანამშრომლები მივიდნენ, ვერ შეძლეს შესვლა, რადგან იქ წყალი იყო“.
მერის თქმითვე, ახლა რთულია ქალაქიდან ინფორმაციის მიღება კავშირგაბმულობის ხარვეზების გამო.
ნოვა კახოვკას კაშხალი 6 ივნისის დილის საათებში ააფეთქეს. უკრაინის ცნობით, აფეთქება რუსეთმა მოაწყო. მოსკოვი კი აფეთქებაში კიევს სდებს ბრალს.
- საქართველო უკრაინის გვერდით დგას! — ზურაბიშვილი კახოვკის კაშხლის აფეთქებაზე
- უკრაინა: რუსეთმა კახოვკის ჰესი ააფეთქა – დატბორვის გამო იწყება ევაკუაცია
გარეკანის ფოტოზე: ნოვა კახოვკას დატბორილი კულტურის სახლი