ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკვლევარი დენიელ ფრიდი მიიჩნევს, რომ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება ნატოს გაფართოებაზე, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მიზეზზე, მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის მიზანი არაა, ქვეყანა შეუერთდეს დასავლეთს.
„ამერიკის ხმასთან“ საუბარში ფრიდმა ღარიბაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა: „თუკი ნატოს წევრობის სურვილი ასეთი ცუდია, ისეთი შეცდომაა, რომ ის ამართლებს რუსეთის თავდასხმას შენს ქვეყანაზე, მაშინ ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს არ სურს რაიმე საერთო ჰქონდეს ამასთან“.
ყოფილი დიპლომატი აგრეთვე ამბობს, რომ ესმის საქართველოს ფრთხილი პოლიტიკა რუსეთისადმი, თუმცა ხაზს უსვამს – „მაგრამ ასეთი ვედრება, თითქოსდა ქედის მოხრა კრემლის წინაშე შეიძლება გამოიყურებოდეს როგორც კეთილი ნების ჟესტი და შერიგება. მაგრამ ვშიშობ, რომ კრემლისგან ეს დანახული იქნება, როგორც სისუსტის ნიშანი“.
„მე ძალიან მაშფოთებს ყველა ეს ნიშანი… მე მაწუხებს ის, რომ საქართველოს მთავრობა იწყებს იმაში ჩართვას, რასაც ამერიკაში „კულტურულ ომებს“ ვუწოდებთ, იმისთვის, რომ დაიყოს საზოგადოება და თავს დაესხა შენს მტრებს კულტურული საკითხების გამოყენებით, დემაგოგიური მიდგომით“, – ამბობს ფრიდი და დასძენს, რომ ამერიკელებს არ აღელვებთ, ვინ მოიგებს არჩევნებს, მთავარი ისაა, რას აკეთებენ ისინი, როცა ძალაუფლება აქვთ.
ფრიდის აზრით, სამწუხარო მახასიათებელია მთავრობის მხრიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც კრემლის ნარატივის გამეორებად გამოიყურება და ეს სანდოობას უმცირებს ან უკარგავს სხვა, პროდასავლურ განცხადებებს.
მისივე თქმით, ღარიბაშვილის განცხადება მიუთითებს, რომ საქართველო უარს იტყვის დასავლეთში ინტეგრაციაზე – „ამის ნაცვლად კი მოძებნის უფრო ნაკლებ ადგილს რუსეთის მიერ დომინირებულ გავლენის სფეროში. ჩვენ კი ვიცით, რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში: ეს ნიშნავს სიღარიბეს, კორუფციას, იზოლაციას. და ეს სამწუხაროა“.
ამასთან ერთად, ნატოს ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ფრიდის ხედვით, საქართველო ისე გამოიყურება, თითქოს სულაც არაა დაინტერესებული.
სტაჟიანი დიპლომატის აზრით, შეკითხვა ახლა ასე ისმის:
„სად ხედავს „ქართული ოცნების“ მთავრობა საქართველოს მომავალს – დასავლეთთან თუ მოსკოვთან?“
აშშ-ის ჯარის ყოფილი მთავარსარდალი ევროპაში ბენ ჰოჯესი კი ამბობს – „აღიქმება ისე, რომ საქართველო აღარ არის ნატოს ასპირანტი. […] მეჩვენება, რომ პრემიერს არ სურს, საქართველო ნატოს წევრი გახდეს, რადგან შიშობს და გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი საქართველოს თავს დაესხმება. ორი რამ – ის იყენებს კრემლის ნარატივს იმის შესახებ, თუ რა ხდება უკრაინაში. ეს ჩემთვის გაუგებარია. მეორე – საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მის განცხადებაზე დაყრდნობით კი ჩანს, რომ მას არ აქვს არანაირი განზრახვა და ინტერესი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოდესმე კვლავ საქართველოსთან გაერთიანდეს“.