ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტობისთვის მაიკ პენსიც იბრძოლებს

5 ივნისი, 2023 • 744
აშშ-ის პრეზიდენტობისთვის მაიკ პენსიც იბრძოლებს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსიც იყრის კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

დასავლური მედიის ცნობით, პენსმა შეავსო კანდიდატურის დასაყენებლად საჭირო დოკუმენტაცია, ხოლო ფორმალურად კამპანიას დაიწყებს ოთხშაბათს, აიოვას შტატში გამოსვლისას.

უშუალოდ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პენსმა რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში, იგივე პრაიმერში უნდა გაიმარჯვოს. ამჟამინდელი გამოკითხვებით მესამე ადგილზეა, თუმცა მხარდაჭერის დონით მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება რონ დესანტისს [მის შესახებ გირჩევთ: აშშ-ის პრეზიდენტობა დესანტისსაც სურს – რა უნდა ვიცოდეთ] და ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

პენსი აშშ-ის მეორე პირი 2017-21 წლებში იყო, სწორედ ტრამპის პრეზიდენტობისას. იგი წარმოადგენს რესპუბლიკური პარტიის ტრადიციულ, სოციალურად და ფისკალურად კონსერვატიულ ფრთას. თეთრ სახლში ყოფნისას მას და ტრამპს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ეს ურთიერთობები გაფუჭდა ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, რომელსაც ტრამპი ფალსიფიცირებულად მიიჩნევდა და პენსისგან შედეგების შეცვლაში დახმარებას ითხოვდა. თავად პენსი ტრამპს საჯაროდ მაინც არ აკრიტიკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი