ახალი ამბები

მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

10 იანვარი, 2021 • 1152
მაიკ პენსი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება

აშშ-ს მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ინაუგურაციას დაესწრება. CNN-ის ინფორმაციით, პენსი ინაუგურაციაზე დასწრებას აპირებდა, თუმცა იგი მიწვევას ელოდებოდა.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს ვაშინგტონში გაიმართება. აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს, რომ თავისი შემცვლელის ინაუგურაციას დაესწროს.

“მათთვის, ვინც მკითხა, არ ვაპირებ 20 იანვარს ინაუგურაციაზე დასწრებას”, – დაწერა ტრამპმა ტვიტერზე. ამის მიზეზი კი, მისი აზრით, საპრეზიდენტო არჩევნები ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გაყალბებაა.

ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ჯო ბაიდენი და განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე არ დასწრება ერთ-ერთია იმ მცირე საკითხებს შორის, რაზეც ის ტრამპს ეთანხმება.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ინაუგურაციაზე მაიკ პენსის დასწრებას მიესალმებოდა და  მოხარული იქნებოდა, თუკი ვიცე-პრეზიდენტი ინაუგურაციას დაესწრება.

დონალდ ტრამპი ბოლო წუთამდე ცდილობდა არჩევნების შედეგების გაუქმებას და ამისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავდა, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკულმა სასამართლოებმა დონალდ ტრამპის სარჩელების უმრავლესობა საერთოდ არ მიიღეს წარმოებაში და არ დააკმაყოფილეს საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო. გარდა ამისა, სადავო შტატებში ტრამპისვე მოთხოვნით რამდენიმეჯერ გადაითვალეს შედეგები. მიუხედავად ამისა, არჩევნების შედეგები არ შეცვლილა და ეჭვქევშ არ დამდგარა ბაიდენის გამარჯვება.

6 იანვარს კონგრესის მიერ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოფიციალურად დამტკიცების პროცედურა მიმდინარეობდა, რა დროსაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფები თავს დაესხნენ შენობას, რათა პროცესი ჩაეშალათ და ამ გზით შეეჩერებინათ ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დამტკიცება. არეულობის შედეგად  5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, კაპიტოლიუმის დაცვის თანამშრომელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი