ახალი ამბები

ლაზარე გრიგორიადისის მამამ პარლამენტთან კარავი გაშალა

3 ივნისი, 2023 • 1816
ლაზარე გრიგორიადისის მამამ პარლამენტთან კარავი გაშალა

7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამამ ბექა გრიგორიადისმა პარლამენტთან კარვის გაშლა შეძლო.

დაკავებული ახალგაზრდის მამა პარლამენტის უკან კარვის გაშლას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა პოლიცია მას ამის საშუალებას არ აძლევდა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას ბექა გრიგორიადისი პოლიციამ დააკავა კიდეც, ის სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. ბექა გრიგორიადისი თანამოაზრეებთან ერთად, შვილის გათავისუფლებას ითხოვს.

გრიგორიადისს შეუერთდნენ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები, რომლებიც გუშინ საპროტესტო ბანერების გამო აქტივისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლების დაკავებას აპროტესტებდნენ.

2 ივნისის საღამოს პარლამენტთან, სადაც მოძრაობა “ჯიუტის” მიერ ორგანიზებული მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა, რამდენიმე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეები კიბეზე ისხდნენ პლაკატებით ხელში. პირველ შემთხვევაში დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ხელში ეჭირა მცირე ზომის პლაკატი, წარწერით “ირაყლი”. აღნიშნულის შემდეგ პოლიცია აგრძელებდა საპროტესტო პლაკატების წართმევას მოქალაქეებისთვის და ზოგიერთი მათგანის დაკავებას. ერთ-ერთ მათგანს პოლიციამ ცარიელი ფურცელიც გამოსტაცა ხელიდან.

ამ ფონზე, პარლამენტთან შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ სხვადასხვა შინაარსის პლაკატით ხელში. მალე პოლიციამ მათი დაკავებაც დაიწყო. ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს ძალოვნები აქციის მონაწილეებს და მათ დაკავებას ცდილობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე – ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი – საბა ბრაჭველი, აქტივისტი – ნიკა რომანაძე და სხვები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნეტგაზეთს“ 2 ივნისის აქციაზე 7 მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაკავება დაუდასტურა. ყველა მათგანი ამ დრომდე წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი