ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 160-ზე მეტი პროფესორი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადების ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით დაიცავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს:
„რამდენიმე დღეა ვაკვირდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ მედიით გავრცელებული დაუსაბუთებული ბრალდებების სერიას. მიუხედავად უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული არაერთი განმარტებისა, გაცემული საჯარო ინფორმაციისა, გასაჯაროებული დოკუმენტებისა, სამ ტელევიზიაში – იმედი, პოსტ ტივი და რუსთავი 2 – თემა დღის წესრიგიდან არ მოიხსნა.
ამ კამპანიის გამოხატულებას წარმოადგენდა დღეს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გასული სიუჟეტი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორზე თავდასხმისათვის გამოყენებულ იქნა 2010 წელს მის ცხოვრებაში მომხდარი ტრაგედია, რომელიც უკავშირდებოდა ავტოავარიას, უბედურ შემთხვევას და რომელსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვს რექტორის ამჟამინდელ სტატუსთან.
ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ვაცხადებთ, რომ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალებით დავიცავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც უნდა აგრძელებდეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას საუნივერსიტეტო ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების სრული დაცვით, რათა ხელი შეუწყოს ევროპული ღირებულებების დანერგვას სტუდენტებში, მომავალ თაობებში, ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის,“ — ვკითხულობთ უნივერსიტეტის პროფესორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზე“ გუშინ, 2 ივნისს გასულ სიუჟეტზე, სადაც აცალგაზრდები, რომლებიც ამბობენ, რიმ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რიგ ბრალდებებს უყენებენ, მათ შორის ბრალს სდებენ მათ ოჯახის წევრების უნივერსიტეტში დასაქმებასა და საგანმანათლებლო დაწესებულების ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვაში, რექტორს კი ნასამართლეობაში ადანაშაულებენ.
ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში არის უნივერსიტეტის კანცლერის, ქეთევან ლაკირბაიას საპასუხო კომენტარიც, რომელიც აცხადებს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიური ბიუჯეტი ვებგვერდზეა ატვირთული, მათ შორის ხელმისაწვდომია 2023 წლის ბიუჯეტიც:
„ჩვენთან იყო შემოსული მოთხოვნა, რომ გაგვეზიარებინა ბიუჯეტები ორგანიზაციის, რაც გავაკეთეთ. არ ვიცი რაზე ლაპარაკობენ, საიდან მოიტანეს ეს თანხა, 4 წლის ბიუჯეტი მივეცით, მაგრამ ეს 318 მილიონი საიდან ამოაჯამეს არ ვიცი.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტი იხარჯება სწავლებაზე, კვლევებზე, სტუდენტურ აქტივობებზე და ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე“ — აცხადებს კანცლერი.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემაც. მისი თქმით, ბრალდებებს არანაირი ფინანსური საფუძველი არ აქვს და მიზანი მისი ფსიქოლოგიური განადგურება და უნივერსიტეტის დაზიანებაა.