ახალი ამბები

ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, გამოხატვის თავისუფლება გაუმართლებლად არ შეზღუდოს

2 ივნისი, 2023 • 803
ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, გამოხატვის თავისუფლება გაუმართლებლად არ შეზღუდოს

სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს 1 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

ომბუდსმენის თქმით, აღნიშნული პოზიციის სისწორეს ადასტურებს როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება.

სახალხო დამცველის თქმით, განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია ეს შეზღუდვა იმ დროს, როცა კარვის განთავსებით არ ხდება შენობის შესასვლელის ბლოკირება ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება:

„ამასთან, მაშინაც კი, როდესაც კარვის გამოყენებით პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, რაც არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე“, — ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდროულად, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცავთა ვალდებულებებთან შეუთავსებელია ის ფაქტიც, რომ შეკრების რამდენიმე მონაწილეს პოლიციელებმა საპროტესტო ბანერები სრულიად გაუგებარი მიზეზითა და უხეში ფორმებით წაართვეს:

„1 ივნისს მედიის საშუალებით გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ მშვიდობიანი შეკრების რამდენიმე მონაწილეს პოლიციელებმა საპროტესტო ბანერები წაართვეს, სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, რაც არ მოდის შესაბამისობაში სამართალდამცავთა ვალდებულებასთან, ხელი შეუწყონ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა“ ,— ვკითხულობთ განცხადებაში.

1 ივნისს, გვიან ღამით პოლიციელებმა პარლამენტთან მშვიდობიან მომიტინგეებს პლაკატები წაართვეს და დაუხიეს. კადრებში, რომლებიც აქტივისტმა გელა ხასაიამ გაავრცელა, ჩანს, რომ პოლიციელები მიდიან აქტივისტებთან და პლაკატებს უხევენ.

ერთ-ერთ პლაკატზე ჩანს საქართველოს დროშა და აკაკი წერეთლის ანტირუსული ლექსის ნაწყვეტი.

ამასთან, პოლიციელებმა კარვის გაშლის მცდელობის გამო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დააკავეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი. კადრებში ჩანს, რომ დაკავებამდე მას პოლიციელი მივარდა, ჯერ კიდევ გაუხსნელი კარავი წაართვა და გაიქცა.

ბექა გრიგორიადისი რამდენიმე დღეა, თანამოაზრეებთან ერთად შვილის პატიმრობას აპროტესტებს და მის გათავისუფლებას ითხოვს.ლაზარეს მამას კარვის გაშლის საშუალება არც 28 მაისს მისცეს, რასთან დაკავშირებითაც 19-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ეს იყო უკანონობა და პოლიცია არღვევდა ბექა გრიგორიადისის გამოხატვის თავისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი