ახალი ამბები

აჩი მეფარიძე ძალადობას უარყოფს

1 ივნისი, 2023 • 1615
აჩი მეფარიძე ძალადობას უარყოფს

მომღერალი აჩი მეფარიძე, რომელსაც ძალადობას ედავებიან, ბრალდებას უარყოფს. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა პირველ ივნისს გაიმართა.

“არ ვაღიარებ დანაშაულს. ის, რაც არ ჩამიდენია, როგორ უნდა ვაღიარო? იმედი მაქვს, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, — უთხრა მეფარიძემ ჟურნალისტებს.

ინციდენტი გასული წლის 7 აპრილს მოხდა. მომღერალს ადანაშაულებენ, რომ ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, მანქანის გადასწრების გამო ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მას ბრალი ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

“ორივე სამედიცინო ექსპერტის მიერ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, კატეგორიულად დადასტურდა, რომ ქალს სახის არეში ნამდვილად აღენიშნებოდა დაზიანება სწორედ იმ მიდამოში, რომელზეც დაზარალებული უთითებს, რომ მას დაზიანება მიაყენა არჩილ მეფარიძემ.

ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, გამოძიებით დადგენილია და დღეს ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ხანდაზმულობით ნამდვილად არის შესაბამისობაში დაზიანების მიყენების თარიღი საქმის გარემოებებთან”, — აღნიშნავს საქმეში ჩართული პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი.

თავის მხრივ, როგორც მომღერლის ადვოკატი, ხატია ხერხეულიძე ამბობს, ექსპერტები მკაფიოდ ვერ განსაზღვრავენ, “მიღებული დაზიანება, თუ ასეთი საერთოდ არსებობდა”, უკავშირდებოდა თუ არა 7 აპრილს მომხდარ ინციდენტს,

“ორივე მათგანმა თქვა, რომ ეს მკაფიოდ ვერ იქნება განსაზღვრული მათ მიერ”, — ამბობს ადვოკატი.

ხერხეულიძის განცხადებით, დაზიანება ქალს “შეიძლებოდა მიეღო არა 7 აპრილს, იმ დროს, როდესაც არის მითითებული ბრალის დადგენილებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არამედ რამდენიმე საათით ადრე და შეიძლება, წინა დღესაც”.

მასალების გადაბეჭდვის წესი