ახალი ამბები

“გაუგებარია საქართველოს ამ კონტექსტში ხსენება” — დარჩიაშვილი ზელენსკის ეხმაურება

1 ივნისი, 2023 • 1270
“გაუგებარია საქართველოს ამ კონტექსტში ხსენება” — დარჩიაშვილი ზელენსკის ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვას ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრაზე, რომლის დროსაც უკრაინის პრეზიდენტმა ერთად ახსენა ბელარუსი და საქართველო.

დარჩიაშვილმა თქვა, რომ უკრაინის წარმომადგენლებისგან ხშირად ისმის განცხადებები, რომლებიც “თანხვედრაშია” ქართული ოპოზიციის ნარატივთან.

“გაუგებარი არის ალბათ მსგავსი ფორმულირებით საქართველოს ხსენება ამ კონტექსტში. ჩვენ ხშირად გვემის ხოლმე ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან გაუგებარი შეფასებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაშია ჩვენი ოპონენტების, ქვეყნის შიგნით ოპონენტების ნარატივთან.

ტრადიციულად ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება გვაქვს უკრაინის მისამართით. ჩვენ ხშირ შემთხვევაში წამოსულ გაუგებარ კომენტარებზე არ ვაკეთებთ პოზიციონირებას, პასუხს არ ვცემთ, რადგანაც გვესმის და მიგვაჩნია, რომ ქვეყანა არის ომში”, — დასძინა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ზემოხსენებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ რუსეთის მეზობლებისთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე ილაპარაკა. მისი თქმით, ევროპამ უნდა დაასრულოს ყოყმანი და გადადგას გაბედული ნაბიჯები რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად.

მანვე განაცხადა, რომ ევროპის კონტინენტზე აღარ უნდა იყოს არც ცხელი და არც გაყინული კონფლიქტი.

“როცა არ არსებობს არანაირი უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და არ სურს, რუსეთმა მიიტაცოს მისი ნაწილები, უნდა იყოს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს: ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია.

ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ არიან ჩათრეული, თუმცა, განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე განუკითხაობის მდგომარეობაში. მაგრამ რა მაგალითი აქვთ მათ?

უკრაინელებსაც კი, ვინც სისხლით ამტკიცებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ფასეულობებისადმი, ჯერ არ მიუღიათ ნათელი პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე“, — განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეს მხოლოდ ილუზორულს ხდის სხვების იმედს.

„იფიქრეთ ორივე ამ იმედგაცრუებაზე — ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც იბრძვიან და იმ ქვეყნების, ვისთვისაც ჩვენი ბრძოლა არის იმედი“, — თქვა მან.

ზელენსკის თქმით, ზაფხულში ვილნიუსის ნატოს სამიტზე საჭიროა უკრაინის მკაფიო მიწვევა წევრობაზე და უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანების გზაზე, ხოლო შემოდგომაზე — მკაფიო დადებითი გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„პოზიტიური გადაწყვეტილებები უკრაინისთვის დადებითი იქნება ყველასთვის. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის და დროთა განმავლობაში, ეჭვი არ მეპარება, ბელარუსისთვის.

„ევროპა უნდა იყოს ისეთი შორსმჭვრეტელი, რომ იყოს ნამდვილად მშვიდობიანი“, — დასძინა მან.

ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრაზეც დააყენა ანტისაჰაერო სისტემა პატრიოტებისა და საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი