საზოგადოება

რა კონტექსტში ახსენა ზელენსკიმ საქართველო და ბელარუსი ერთად

1 ივნისი, 2023 • 2097
რა კონტექსტში ახსენა ზელენსკიმ საქართველო და ბელარუსი ერთად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მოლდოვაში მიმდინარე შეხვედრაზე ისაუბრა რუსეთის მეზობლებისთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე.

მისი თქმით, ევროპამ უნდა დაასრულოს ყოყმანი და გადადგას გაბედული ნაბიჯები რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად.

„ჩვენ ვხედავთ, ვინ არის აგრესორი და სად ხდება აგრესია. რუსეთს ეშინია ნატოსი და ცდილობს მხოლოდ მათ გადაყლაპვას, ვინც საერთო უსაფრთხოების სფეროს მიღმაა. თუ მთელი ქვეყნის შთანთქმას ვერ ახერხებს, ცდილობს გაყინული კონფლიქტების წარმოებას მეზობლების ტერიტორიაზე. მაგალითად, რატომ არის რუსული კონტინგენტი ისევ დნესტრისპირეთში? კრემლს ეს მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ერთ დღეს გაალღოს მოლდოვის გაყინული კონფლიქტი“, — განაცხადა ზელენსკიმ და იკითხა, როდემდე მოითმენს ევროპა ამას.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპის კონტინენტზე აღარ უნდა იყოს არც ცხელი და არც გაყინული კონფლიქტი.

ზელენსკის თქმით, ნატო არის უსაფრთხოების გარანტია უკრაინისთვის.

„როცა არ არსებობს არანაირი უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ამიტომ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და არ სურს, რუსეთმა მიიტაცოს მისი ნაწილები, უნდა იყოს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამას მხოლოდ ორი ალტერნატივა აქვს: ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელარუსში, საქართველოში. ვხედავთ, ეს ერები როგორ არიან ჩათრეული, თუმცა განსხვავებული გზით, ერთსა და იმავე განუკითხაობის მდგომარეობაში. მაგრამ რა მაგალითი აქვთ მათ? უკრაინელებსაც კი, ვინც სისხლით ამტკიცებენ ერთგულებას თავისუფლებისა და ერთიანი ევროპის ფასეულობებისადმი, ჯერ არ მიუღიათ ნათელი პოზიტიური პასუხი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე“, — განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ეს მხოლოდ ილუზორულს ხდის სხვების იმედს.

„იფიქრეთ ორივე ამ იმედგაცრუებაზე — ჩვენი ჯარისკაცების, რომლებიც იბრძვიან და იმ ქვეყნების, ვისთვისაც ჩვენი ბრძოლა არის იმედი“, — თქვა მან.

ზელენსკის თქმით, ზაფხულში ვილნიუსის ნატოს სამიტზე საჭიროა უკრაინის მკაფიო მიწვევა წევრობაზე და უსაფრთხოების გარანტიები ნატოში გაწევრიანების გზაზე, ხოლო შემოდგომაზე — მკაფიო დადებითი გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

„პოზიტიური გადაწყვეტილებები უკრაინისთვის დადებითი იქნება ყველასთვის. ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვისთვის, გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოსთვის და დროთა განმავლობაში, ეჭვი არ მეპარება, ბელარუსისთვის.

„ევროპა უნდა იყოს ისეთი შორსმჭვრეტელი, რომ იყოს ნამდვილად მშვიდობიანი“, — დასძინა მან.

ზელენსკიმ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრაზეც დააყენა ანტისაჰაერო სისტემა პატრიოტებისა და საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი