ევროპარლამენტარები აფასებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 31 მაისის გამოსვლას ევროპარლამენტში.
„ოვაციები საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტარებთან ძლიერი და პრო-ევროპულ სიტყვით გამოდის. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კანდიდატურის სტატუსის მიღებისა და ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციის გზაზე“, — წერს ირლანდიელი ევროპარლამენტარი ფრენსის ფიცჯერალდი ევროპის სახალხო პარტიიდან.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეთა პარტია) სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ადარებს და აცხადებს, რომ „როგორც იქნა“, მაღალი დონის ოფიციალური პირის მხრიდან მოისმინა ქართველების 90%-ზე მეტის ევროპული მისწრაფების გამოხატვა.
„ძვირფასო პრეზიდენტო, ევროპარლამენტში მტკიცედ გიჭერთ თქვენ და თქვენს ხალხს მხარს საქართველოს ევროპული მომავლის გზაზე. კანდიდატის სტატუსი საქართველოს“, — წერს კრამონი.
„სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” წევრი ნაჩო სანჩეს ამორი წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი კარგად ართმევს თავს ძალიან რთულ საქმეს საქართველოში უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით.
„საქართველოს პრეზიდენტის მკაფიო სიტყვები. საქართველო უნდა შეიყვანოს ევროკავშირში. მან ასევე მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესიული ომი“, — წერს Twitter-ზე კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ენგინ ეროღლუ (Renew Europe).
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლაც.
„ქართველები ევროპას საკუთარ სახლად აღიქვამენ და იმედი უნდა მივცეთ. დროა, მეტი ვიმუშაოთ, რათა შევქმნათ შესაბამისი პირობები კანდიდატის სტატუსისთვის და საქართველომ ხელიდან არ გაუშვას ეს ისტორიული შესაძლებლობა. მადლობა პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს ევროპული მისრაფებების რწმენისთვს“, — აცხადებს მეცოლა.
კრიტიკულია ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა. ის აცხადებს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ყველაზე მხურვალე მხარდამჭერები ციხეში არიან, ხოლო კიდევ მრავალი მაგალითი ადასტურებს ქვეყნის გზიდან გადახვევას.