დღეს, 31 მაისს, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტის წინაშე. გამოსვლა ზურაბიშვილმა საქართველოს პროევროპულ არჩევანს მიუძღვნა და განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა ხელისუფლება სწორედ ამ მიზნისკენ იღვწოდა.
თავის სიტყვაში ზურაბიშვილმა ისაუბრა ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციაზე. მან თქვა, რომ ის, რაც რეკომენდაციებშია ასახული, საქართველოსთვის უცხო არ არის, არამედ წარმოადგენს მის კულტურულ, ღირებულებით და მემკვიდრეობით არჩევანს – „შესაბამისად, რასაც ჩვენ გვთხოვთ, არის, ის, რომ საქართველო თავისი იდენტობის ერთგული დარჩება.“
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველომ მძიმე ფასი გადაიხადა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული სამყაროს კუთვნილებისთვის.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ყველა მთავრობა აყალიბებდა პროევროპული პლატფორმებს და ამ თვალსაზრისით მუდმივ პროგრესს აღწევდა: პრეზიდენტმა გამსახურდიამ დააბრუნა საქართველო დამოუკიდებელ ხალხთა ევროპულ რუკაზე; პრეზიდენტი შევარდნაძე იყო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ინიციატორი; პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირება რეფორმათა პრიორიტეტად დასახა – მისი ლიდერობით საქართველო შეუერთდა „სამეზობლო პოლიტიკასა“ და აღმოსავლეთ პარტნიორობას.
2012 წელს „ქართული ოცნება“ აირჩიეს პროევროპული მისწრაფებების საფუძველზე და მან ამ თვალსაზრისით არაერთ გარდამტეხ წარმატებას მიაღწია, როგორიცაა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ასევე, ვიზალიბერალიზაცია. 2016 წელს კონსტიტუცუციაში ცვლილებები დამტკიცა და ჩაიწერა ევროინტეგრაცია როგორც მიზანი. და ეს ის არის, რაც არავინ უნდა დავივიწყოთ“.
წაიკითხეთ ასევე: