ახალი ამბები

ამორალურია განცხადებები, რომ რუსეთს უნდა ვემადლიერებოდეთ ეკონომიკისთვის — ზურაბიშვილი

31 მაისი, 2023 • 747
ამორალურია განცხადებები, რომ რუსეთს უნდა ვემადლიერებოდეთ ეკონომიკისთვის — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამორალური და არასწორია იმის შესახებ საუბარი, რომ საქართველომ რუსეთს მადლობა უნდა უნდა გადაუხადოს ეკონომიკის გარკვეულწილად განვითარებისთვის. აღნიშნულის შესახებ მან ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი.

“საქართველოს ევროპული გზა, რა თქმა უნდა, დიდწილად ევროპის მუდმივი ძალისხმევისა და მხარდაჭერის შედეგია. საქართველოს მიერ თავისი სწრაფვის გამოხატვას მოჰყვა ევროპის არაჩვეულებრივი, მრავალწლიანი მხარდაჭერა. სანამ ჩვენ ველოდებით ისტორიულ გადაწყვეტილებას, [მსურს], ქართველი ხალხის მადლობა გადავცე ევროპას…

[ევროკავშირი] არის ყველაზე დიდი საერთაშორისო დონორი საქართველოში. საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში სწორედ ევროპულმა დახმარებამ და ევროპულმა ბაზრებმა უზრუნველყო ქართველების ცხოვრების დონის ამაღლება.

ამ თვალსაზრისით, როცა მესმის, რომ ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ რუსეთს იმისთვის, რომ ეხმარება ჩვენი ეკონომიკის გარკვეულ განვითარებას, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ამორალური, არამედ, ცალსახად არასწორია”, — დასძინა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 31 მაისს გამოვიდა. მან საქართველოს ევროინტეგრაციასა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე,  შეეხო რუსეთის ომს უკრაინაში და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი