ახალი ამბები

კონკურსის აღწერაში არსად წერია, რომ ის მხოლოდ დამწყები ფოტოგრაფებისთვისაა – ფოტოგრაფი საინფორმაციო ცენტრზე

31 მაისი, 2023 • 915
კონკურსის აღწერაში არსად წერია, რომ ის მხოლოდ დამწყები ფოტოგრაფებისთვისაა – ფოტოგრაფი საინფორმაციო ცენტრზე

ფოტოგრაფი ზურა ცერცვაძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის განცხადებას ეხმიანება.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის განცხადებით, ზურა ცერცვაძის ფოტო ბოლო პერიოდში მაღალი ცნობადობით სარგებლობდა და კონკურსში მისი მიღება სხვა კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებდა.

თუმცა, ზურა ცერცვაძის განცხადებით, კონკურსის გამოცხადებისას არსად ეწერა, რომ ის მხოლოდ დამწყები ფოტოგრაფებისთვის ტარდებოდა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული განცხადებაში მართლაც წერია, რომ კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ზურა ცერცაძის განცხადებით კი, მას საინფორმაციო ცენტრიდან მისწერეს, რომ მისი ფოტო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.

„ასევე, არსებობს კონკურსის გამოცხადებისას მათ მიერვე გამოქვეყნებული პირობები (სადაც დამწყებ ფოტოგრაფობაზე არაფერია ნათქვამი). ხავსზე მოსაჭიდებლად უკეთესი არგუმენტი ვერ მოიფიქრეს – ვწუხვარ თქვენ გამო. თუ ჩემი ჩახსნის მიზეზი იყო – ძალიან კარგი ფოტოა და ბოდიშიო. პასუხი არ უნდა მოეწერათ – კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებ და “პკ”-ო.

ამ კონკურსიდან ჩახსნა არსად გამიპროტესტებია. გაოცებული ვიყავი მათი პასუხით – ჩვენს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებო. მაშინ, როდესაც ფოტომ მსოფლიო აღიარება მოიპოვა – თურმე მათი კრიტერიუმები ვერ დავაკმაყოფილე. რეაქციაც შესაბამისი მქონდა.

ამ საოცარმა ადამიანებმა მთელი დღე იფიქრეს პასუხზე, გადაწყვიტეს ბულინგი დაებრალებიათ ჩემთვის. ვერსად ნახავთ ჩემს კომენტარს კონკურსის სხვა მონაწილეებზე. ასეთ განხილვაში არასდროს შევსულვარ. ხაზგასმით ვამბობ, ჩემი მხრიდან მსგავს ქმედებას ადგილი არ ჰქონია. რადგან განცხადებაში ჩემი სახელი არის ნახსენები, განმარტეთ, რას და ვის გულიხსმობთ ბულინგში“, – წერს სოციალურ ქსელში ზურა ცერცვაძე.

ფოტოგრაფი ახლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„აზრის გადმოცემაში ნამდვილად გაურკვევლობა აქვთ (კონკურსის პირობებიც ვერ შეადგინეს). მათი ეს ფრაზაც აღქმულია ჩემ მიერ ვინმეს ბულინგად. განმარტეთ – რომ ეს არ არის ნათქვამი ჩემი მისამართით. ბულინგის დაბრალებისთვის კი საჯარო ბოდიშს ვითხოვ. ბოდიშის მისაღებად თუ სამართლებრივი გზები დამჭირდება – არც ეგ მეზარება“, – წერს ზურა ცერცვაძე.


7 მარტს “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციაზე გადაღებულმა ცნობილმა ფოტომ, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის „მე ვხედავ ევროპას“ შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა.

ფოტოგრაფ ზურა ცერცვაძის მიერ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია პოლიციის წყლის ჭავლის წინ მდგომი ქალი ევროკავშირის დროშით (ნანა მალაშხია). აღნიშნულმა ფოტომ და ვიდეომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არაერთ ევროპელ პოლიტიკოსზე და მათ სოციალურ ქსელებშიც გაზიარდა.

ამიტომ, ფოტოგრაფ ზურა ცერცვაძისთვის გასაკვირია, რომ მისმა ფოტომ კონკრუსის შესარჩევი ეტაპიც კი ვერ გადალახა.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის განცხადებით, ზურა ცერცვაძის ფოტო ბოლო პერიოდში მაღალი ცნობადობით სარგებლობდა და კონკურსში მისი მიღება სხვა კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებდა. მათი განცხადებით, ჟიურიმ აქამდე უცნობი 13 ნამუშევარი შეარჩია.

საინფორმაციო ცენტრის განცხადებით, აღნიშნული საკითხის უსაფუძვლო პოლიტიზირება მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი