ახალი ამბები

არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს – ცენტრის განმარტება ფოტოკონკურსზე

30 მაისი, 2023 • 1057
არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს – ცენტრის განმარტება ფოტოკონკურსზე

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი განმარტავს, რატომ ვერ მოხვდა ფოტოგრაფ ზურა ცერცვაძის ფოტო მათ მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში „მე ვხედავ ევროპას“.

საუბარია ფოტოზე, რომელიც ზურა ცერცვაძემ „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე გადაიღო. ფოტოზე გამოსახულია პოლიციის წყლის ჭავლის წინ მდგომი ქალი ევროკავშირის დროშით (ნანა მალაშხია).

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის განცხადებით, ზურა ცერცვაძის ფოტო ბოლო პერიოდში მაღალი ცნობადობით სარგებლობდა და კონკურსში მისი მიღება სხვა კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებდა. მათი განცხადებით, ჟიურიმ აქამდე უცნობი 13 ნამუშევარი შეარჩია.

საინფორმაციო ცენტრის განცხადებით, აღნიშნული საკითხის უსაფუძვლო პოლიტიზირება მოხდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პროფესიონალი ფოტოგრაფის, ზურაბ ცერცვაძის მხრიდან მწვავე და უსაფუძვლო რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მის მიერ გადაღებული ფოტო არ შეირჩა გამარჯვებულთა შორის.

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ აღნიშნული ფოტოგრაფის კონკრეტულად ეს ნამუშევარი ბოლო პერიოდში სარგებლობდა მაღალი ცნობადობით, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასა და წამყვან მედიაგამოცემებში. მას მიღებული აქვს არაერთი საპატიო ჯილდო და მოპოვებული აქვს საერთაშორისო აღიარება. შესაბამისად, ჟიურის გადაწყვეტილებით, ეს ნამუშევარი სრულიად არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვა კონკურსანტებს, რის საფუძველზეც ის არ იქნა შერჩეული. სამწუხაროდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა საკითხის სრულიად უსაფუძვლო პოლიტიზირება და სხვა მონაწილეების და მათი ნამუშევრების უმწვავესი ბულინგი, რასთან დაკავშირებითაც გამოვხატავთ უდიდეს მწუხარებას.

თითოეულ მონაწილეს, რომელმაც მიიღო კონკურსში მონაწილეობა და უმიზეზოდ აღმოჩნდა უმწვავესი თავდასხმების სამიზნე, გვსურს, მადლობა გადავუხადოთ მონაწილეობისათვის და მივულოცოთ სრულიად დამსახურებული წარმატება.

კონკურსის შედეგად წარმოჩენილი იქნა აქამდე უცნობი და ძალიან საინტერესო ნამუშევრები, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის უალტერნატივო არჩევანს – საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი ქვეყანა“, – ნათქვამია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის განცხადებაში.


7 მარტს “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციაზე გადაღებულმა ცნობილმა ფოტომ, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს, საქართველოში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსის „მე ვხედავ ევროპას“ შესარჩევი ეტაპი ვერ გადალახა.

ფოტოგრაფ ზურა ცერცვაძის მიერ “რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია პოლიციის წყლის ჭავლის წინ მდგომი ქალი ევროკავშირის დროშით (ნანა მალაშხია). აღნიშნულმა ფოტომ და ვიდეომ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა არაერთ ევროპელ პოლიტიკოსზე და მათ სოციალურ ქსელებშიც გაზიარდა.

ამიტომ, ფოტოგრაფ ზურა ცერცვაძისთვის გასაკვირია, რომ მისმა ფოტომ კონკრუსის შესარჩევი ეტაპიც კი ვერ გადალახა.

ზურა ცერცვაძე ფიქრობს, რომ მისი ფოტო კონკურსში პოლიტიკური მიზეზით არ მიიღეს. ვინაიდან საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სამთავრობო ორგანიზაციაა, 7 მარტის აქცია კი ანტისამთავრობო იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი